მეგის ქარდავაზე ძებნა გამოცხადდა

მეგის ქარდავაზე ძებნა გამოცხადდა

საქართველოს მთავარი პროკურატურისა და სამხედრო პოლიციის მიერ ჩატარებული ერთობლივი საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემულ იქნა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის ყოფილი უფროსი მეგის ქარდავა. ამის შესახებ ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.

როგორც განცხადებაშია აღნიშნული, გამოძიების მასალებით დადგინდა, რომ მითითებულ თანამდებობაზე მუშაობის პერიოდში მეგის ქარდავამ 2012 წლის 1 თებერვლიდან 6 ივლისამდე პერიოდში, სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის საფინანსო განყოფილებიდან ფარული ხარჯების მუხლით, ოპერატიული ღონისძიების მიზნით გამოყოფილი სხვადასხვა ოდენობის თანხების ეტაპობრივად უკანონოდ გატანის გზით მიითვისა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს კუთვნილი 496 273 ლარი. მანვე, 2012 წლის 21 თებერვლიდან 2012 წლის 10 ივლისამდე პერიოდში, ასევე ეტაპობრივად გაფლანგა იმავე მუხლითა და იმავე მიზნით გამოყოფილი საქართველოს თავდაცვის სამინისტროს კუთვნილი 188 000 ლარი.

ჩადენილი დანაშაულისათვის მეგის ქარდავას დაუსწრებლად წარედგინა საქართველოს სსკ-ის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის "ა", "დ" ქვეპუნქტებითა და მე-3 ნაწილის "ბ" ქვეპუნქტით გათვალისწინებული ბრალდება.

მეგის ქარდავას აღკვეთის ღონისძიების სახით დაუსწრებლად შეეფარდა პატიმრობა და გამოცხადდა ძებნა.

ამავე საქმეში საქართველოს სსკ-ის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის "ა", "დ" ქვეპუნქტებითა და მე-3 ნაწილის "ბ" ქვეპუნქტით ბრალდება წარდგენილი აქვს სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზაციული უზრუნველყოფის სამმართველოს ყოფილ უფროსს მალხაზ ბოხუას.

საქმეზე გრძელდება გამოძიება.