არჩილ ძულიაშვილი:  ეგვიპტეში მყოფ საქართველოს მოქალაქეებს საელჩოსთვის დახმარების თხოვნით არ მიუმართავთ

არჩილ ძულიაშვილი: ეგვიპტეში მყოფ საქართველოს მოქალაქეებს საელჩოსთვის დახმარების თხოვნით არ მიუმართავთ

საქართველოს საელჩო ეგვიპტეში, ქვეყანაში მყოფ საქართველოს მოქალაქეებთან მუდმივ კავშირში იმყოფება. ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" საქართველოს ელჩმა ეგვიპტეში, არჩილ ძულიაშვილმა განუცხადა. 

მისი თქმით, ბოლო დღეებში ეგვიპტეში საკმაოდ დაძაბული ვითარება იყო, მოხდა შეტაკებები დემონსტრანტებს შორის, რის შედეგადაც არიან დაღუპულები და დაშავდა ასობით ადამიანი.

ელჩის განცხადებით, საგარეო საქმეთა სამინისტრომ ერთხელ უკვე გააკეთა განცხადება, სადაც საქართველოს მოქალაქეებს ურჩია, თავი შეეკავებინათ ეგვიპტეში გამგზავრებისგან, ხოლო ისინი, ვინც უკვე იმყოფებიან ეგვიპტის კურორტებზე, მათ მოუწოდეს, რომ თავი შეეკავებინათ ეგვიპტეში გადაადგილებისგან.

"ეს გაფრთხილება ძალაში რჩება, რადგან, უსაფრთხოების სისტემა ქვეყანაში ჯერ ბოლომდე არ არის აღდგენილი. ველოდებით მოვლენების განვითარებას და ისევ მოვუწოდებთ საქართველოს მოქალაქეებს, თავი შეიკავონ ეგვიპტეში მოგზაურობისაგან",-განაცხადა ელჩმა.

რაც შეეხება საქართველოს მოქალაქეებს, რომლებიც ეგვიპტის კურორტებზე უკვე იმყოფებიან, არჩილ ძულიაშვილის განცხადებით, საელჩო მათთან მუდმივ კავშირზეა. "ჯერჯერობით მათგან რაიმე პრობლემატურ საკითხზე ზარი არც საელჩოში და არც ცხელ ხაზზე არ შემოსულა",-განაცხადა არჩილ ძულიაშვილმა.

ეგვიპტეში არეულობა რამდენიმე დღეა გრძელდება. გადაყენებული პრეზიდენტი მუჰამედ მურსი დაკავებულია. ადგილობრივი მედიის ცნობით, არმია ამ ფაქტს უკვე ადასტურებს. დაკავებამდე მურსი თავდაცვის სამინისტროს შენობაში ჰყავდათ გადაყვანილი.

ეგვიპტის არმიამ პრეზიდენტი მუჰამედ მურსი თანამდებობიდან გუშინ გადააყენა, კონსტიტუციის მოქმედება შეაჩერა და პრეზიდენტის მოვალეობის შესრულება საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარეს, ადლი მანსურს დააკისრა.

მოგვიანებით ცნობილი გახდა, რომ პოლიციამ "მუსლიმთა საძმოს" წარმომადგენლების დაკავება დაიწყო. დაკავებული არიან "მუსლიმთა საძმოს" ლიდერი მუჰამედ ბადია და ეგვიპტის ყოფილი პრემიერ-მინისტრი.

პრეზიდენტ მუჰამედ მურსის წინააღმდეგ მიმართული საპროტესტო აქციები ეგვიპტეში 30 ივნისს დაიწყო. პროტესტი მალე მასობრივ შეტაკებებში გადაიზარდა. მოსახლეობა მურსის მიერ წინასაარჩევნოდ გაცემული დაპირებების შეუსრულებლობის გამო უკმაყოფილოა. ოპოზიცია კი პრეზიდენტს და "მუსლიმთა საძმოს" ხელისუფლების მონოპოლიზებაში ადანაშაულებს.
გავრცელებული ინფორმაციით, შეტაკებებს 32 ადამიანი ემსხვერპლა.