მაია ფანჯიკიძე:  ჩემი ქვეყნის საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტები იგივეა, რაც წინა ხელისუფლების დროს იყო

მაია ფანჯიკიძე: ჩემი ქვეყნის საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტები იგივეა, რაც წინა ხელისუფლების დროს იყო

"ჩემი ქვეყნის საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტები იგივეა, რაც წინა ხელისუფლების დროს იყო. ეს არის ევროატლანტიკური ინტეგრაცია, აქტიურად ვმუშაობთ ნატო-სა და ევროკავშირის მიმართულებით" , - განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მაია ფანჯიკიძემ ფრანგულ ტელეარხ France 24-სთვის მიცემულ ინტერვიუში. 

როგორც მაია ფაანჯიკიძემ France 24-თან საუბრისას აღნიშნა, ამავდროულად, ხელისუფლების ძირითად პრობლემად და მთავარ გამოწვევად ქვეყნის დეოკუპაცია და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა რჩება.

მისივე განცხადებით, უსაფუძვლოა ბევრი დასავლელი მოკავშირის შიში, რომ ახალი ხელისუფლება პრორუსულია და არა – პროდასავლური.

"არავის უნდა ჰქონდეს ეჭვი იმაზე, რომ ჩვენი ხელისუფლება პროდასავლურია და არა – პრორუსული. ვფიქრობ, ეს შიში მას შემდეგ გაჩნდა, რაც წინა ხელისუფლება ცდილობდა პრემიერ-მინისტრი საარჩევნო კამპანიის დროს პრორუსულად წარმოეჩინა. მართალია, პრემიერი ცხოვრობდა რუსეთში, თუმცა 11 წელია, რაც რუსეთი დატოვა და იქ აღარ ყოფილა. ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ კი, პრემიერ-მინისტრმა გაანალიზა, რომ რთულია იმ პრობლემების რუსეთის გარეშე გადაჭრა, რომელსაც საქართველო აწყდება. ჩვენი საგარეო პოლიტიკის ერთ-ერთი ნაწილი რუსეთთან ურთიერთობის გაუმჯობესებაცაა", - განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა.

მაია ფანჯიკიძის თქმით, საქართველოს ხელისუფლება რეალისტურად არის განწყობილი და იცის, რომ რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების დაბრუნების საკითხი ერთ და ორ წელიწადში არ გადაწყდება.

"ვფიქრობ, თავის მხრივ, რუსეთი მიესალმება საქართველოს მხრიდან გადადგმულ პოზიტიურ ნაბიჯებს. გვაქვს კიდეც გაუმჯობესებული ურთიერთობების რამდენიმე კონკრეტული მაგალითი – თუნდაც რუსეთის ბაზარზე ჩვენი ალკოჰოლური სასმელების დაბრუნება. ჩვენ ასევე სრულად შევცვალეთ რუსეთის მიმართ რიტორიკა და ვერიდებით აგრესიულ გამონათქვამებს", - აღნიშნა მაია ფანჯიკიძემ.

France 24-სთვის მიცემულ ინტერვიუში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ასევე განაცხადა, რომ მას შემდეგ, რაც საქართველოს ხელისუფლებამ დაადასტურა პროდასავლურობა, გაზარდა ავღანეთში ნატო-ს მისიაში ჯარების რაოდენობა, აღარავის უნდა ჰქონდეს კითხვები საქართველოს პროდასავლურობასთან დაკავშირებით.

"ვფიქრობ, საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციისკენ სწრაფვა მომავალი ხელისუფლების დროსაც გაგრძელდება, როგორც ეს ახლა ხდება, როგორც იყო წინა და მის წინა ხელისუფლების დროს", - განაცხადა მაია ფანჯიკიძემ.

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ასევე შეეხა ხელისუფლების ყოფილი მაღალჩინოსნების დაკავებას და აღნიშნა, რომ ადგილი არ ჰქონია შერჩევით სამართალს, რადგან ყველა მათგანის წინააღმდეგ არსებობდა სამხილები.

"ეს არ ხდება ოპოზიციის გასანადგურებლად. ოპოზიციის წევრები პარლამენტშიც არიან, ჩვენ კოჰაბიტაციის პროცესში ვართ და რამდენიმე პროექტი ერთობლივადაც მივიღეთ. ჩვენ გვესმის, რომ დემოკრატიას ოპოზიცია სჭირდება და არ უნდა დაგვადანაშაულოთ მათი დაკავების გამო, ვისაც წარსულში დანაშაული აქვს ჩადენილი", - განაცხადა მაია ფანჯიკიძემ.