"პროკურატურა სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მეშვეობით სასამართლოზე ზეწოლას ახდენს"

სახელწმიფო რწმუნებულის კახეთში ზურაბ ჭიაბერაშვილის განცხადებით, პროკურატურა სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მეშვეობით სასამართლოზე ზეწოლას ახდენს.

ამის შესახებ ჭიაბერაშვილმა "პირWელს" სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ გავრცელებული ინფორმაციის კომენტირებისას განუცხადა, რომლის თანახმად, 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ "ნაციონალურმა მოძრაობამ" უკანონო შემოწირულობის სახით 5 მილიონ ლარზე მეტი მიიღო.

"როცა სასამართლო პროცესი უკვე ჩანიშნულია, ამიერიდან ყველა მტკიცებულება, რაც ჩვენს წინააღმდეგ არსებობს, უნდა იქნას წარმოდგენილი სასამართლოში. სახელმწიფო უწყებისგან მსგავსი განცხადებების გაკეთება და ინფორმაციების გავრცელება აღიქმება, როგორც ზეწოლა სასამართლოზე პროკურატურის მხრიდან. ამ ყველაფრით ირღვევა ჩემი და ვანო მერაბიშვილის სამართლიანი სასამართლოს უფლება, რასაც ევროპული კონვენციის მე-6 მუხლი ითვალისწინებს. თუკი მთავრობა თავისი პროკურატურით ახდენს ზეწოლას სასამართლოზე, გამოდის, რომ ეს არის იმ პოლიტიკური დევნის გაგრძელება, რაც "ნაციონალური მოძრაობის" მიმართ ხორციელდება", - განაცხადა ჭიარებაშვილმა.

ამასთან, სახელმწიფო რწმუნებულმა არ იცის, გამოიწვევს თუ არა გავრცელებული ინფორმაცია მისი და "ნაციონალური მოძრაობის" გენერალური მდივნის ვანო მერაბიშვილისთვის ბრალის დამძიმებას.

"არ ვიცი გამოწვევს თუ არა ბრალის დამძიმებას, თუმცა ვიდრე დაგვიჭერდნენ გამოძიებას 6 თვე ჰქონდა, რომ მტკიცებულებები მოეგროვებინა. თუ მტკიცებულებები მოაგროვა, მაშინ რა საჭირო იყო ამ განცხადების გავრცელება და თუ პროკურატურას ამ ინფორმაციის მიღება სურდა, შეეძლო გამოეთხოვა აუდიტის სამსახურიდან და მიიღებდა კიდეც გამოძიების პროცესში. არავითარ ლოგიკაში არ ჯდება ეს ყველაფერი და ჩემი აზრით, ეს ემსახურება მხოლოდ ერთ რამეს, რომ მთავრობამ საზოგადოებაში ჩვენზე არასწორი ინფორმაციები გაავრცელოს და ასევე ზეწოლა მოახდინოს სასამართლოზე", - აღნიშნა ჭიაბერაშვილმა.