დავით დარჩიაშვილი აუდიტის სამსახურის ბრალდებას პასუხობს

დავით დარჩიაშვილი აუდიტის სამსახურის ბრალდებას პასუხობს

ადამიანის დასაქმება დანაშაული არ არის, - ასე გამოეხმაურა "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი დავით დარჩიაშვილი სახელმწიფო აუდიტის სამსახურში დღეს გაკეთებულ განცხადებას. 

მისი თქმით, აუცილებლი იყო საქართველოს იმ ჭაობიდან ამოყვანა, რომელშიც ქვეყანა იყო ჩავარდნილი.

"ნებისმიერი ნაბიჯი, დასაქმების მიმართულებით გადადგმული იყო კარგი და აუცილებელი", - განაცხადა დავით დარჩიაშვილმა.

მისივე განცხადებით, აუდიტის სამსახურის მიერ მასალების გადაგზავნა პროკურატურაში სულაც არ არის საგანგაშო.

"ქვეყანაში ბევრად უფრო მნიშვნელოვანი რამეები ხდება და ხდებოდა", - აღნიშნა დავით დარჩიაშვილმა.

სახელმწიფო აუდიტის სამსახურის პარტიების ფინანსური მონიტორინგის სამსახურში დღეს გაკეთდა განცხადება, რომ "ნაციონალურ მოძრაობას" საპარლამენტო არჩევნების წინა პერიოდში დიდი ოდენობით უკანონო შემოწირულობა აქვს მიღებული.

აღნიშნულთან დაკავშირებით სახელმწიფო აუდიტის სამსახურში განცხადება ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებელმა ზურაბ აზნაურაშვილმა გააკეთა.

"ფინანსური მონიტორინგის სამსახურმა პროკურატურიდან მიღებული მასალების შესწავლის შედეგად გამოავლინა, რომ "ნაციონალურმა მოძრაობამ" კანონის გვერდის ავლით, პარტიული მიზნებისთვის გამოიყენა დასაქმების პროგრამისთვის გათვალისწინებული სახსრები და მიიღო უკანონო შემოწირულობა 5 მილიონ 240 880 ლარის ოდენობით. კერძოდ, 2012 წელს, სოციალური მომსახურების სააგენტომ, დასაქმების პროგრამის ფარგლებში განახორციელა შრომითი ხელშეკრულების დადება 21 837 პირთან, რომლებმაც განახორციელეს პარტიის სასარგებლოდ წინასაარჩევნო სააგიტაციო სამუშაოები. აღნიშნული ცხადყოფს, რომ მოხდა დასაქმების პროგრამით გათვალისწინებული მიზნების უგულვებელყოფა და მის ფარგლებში გათვალისწინებული თანხები მიმართულ იქნა "ნაციონალური მოძრაობის" წინასაარჩევნო კამპანიის სასრგებლოდ", - განაცხადა აზნაურაშვილმა.
საქმეს პროკურატურა შეისწავლის.