ვახტანგ ხმალაძე:  აუდიტის დასკვნით დადასტურდა, რომ

ვახტანგ ხმალაძე: აუდიტის დასკვნით დადასტურდა, რომ "ნაციონალური მოძრაობა" საბიუჯეტო თანხებს ითვისებდა

აუდიტის დასკვნით დადასტურდა, რომ "ნაციონალური მოძრაობა" საბიუჯეტო თანხებს ითვისებდა, - ამის შესახებ უმრავლესობის წევრმა ვახტანგ ხმალაძემ დღეს "პირველი რადიოს" პრესკლუბში განაცხადა. 

მისი თქმით, ამ საქმეზე გამოძიება უნდა მოხდეს. "როგორც ჩემთვის არის ცნობილი, ეს საკითხი უკვე გადაეცა პროკურატურას. შემდეგ არის პროცესი, რომელიც განსაზღვრულია კოდექსში. აუდიტის სამსახური არის ის სისტემა, რომელმაც უნდა შეისწავლოს საბიუჯეტო თანხების ხარჯვა. მიხარია, თუ ის თავის ფუნქციას ასრულებს", - აღნიშნა ვახტანგ ხმალაძემ.

პარტიების ფინანსური მონიტორინგის სამსახური "ნაციონალური მოძრაობის" მიერ საპარლამენტო არჩევნების წინაპერიოდში დიდი ოდენობით უკანონო შემოწირულობის მიღებაზე საუბრობს და ანგარიშს დამატებითი შესწავლისთვის პროკურატურას უგზავნის.

აღნიშნულთან დაკავშირებით სახელმწიფო აუდიტის სამსახურში საგანგებო განცხადება ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებელმა ზურაბ აზნაურაშვილმა გააკეთა.

"ფინანსური მონიტორინგის სამსახურმა პროკურატურიდან მიღებული მასალების შესწავლის შედეგად გამოავლინა, რომ "ნაციონალურმა მოძრაობამ" კანონის გვერდის ავლით, პარტიული მიზნებისთვის გამოიყენა დასაქმების პროგრამისთვის გათვალისწინებული სახსრები და მიიღო უკანონო შემოწირულობა 5 მილიონ 240 880 ლარის ოდენობით. კერძოდ, 2012 წელს, სოციალური მომსახურების სააგენტომ, დასაქმების პროგრამის ფარგლებში განახორციელა შრომითი ხელშეკრულების დადება 21 837 პირთან, რომლებმაც განახორციელეს პარტიის სასარგებლოდ წინასაარჩევნო სააგიტაციო სამუშაოები. აღნიშნული ცხადყოფს, რომ მოხდა დასაქმების პროგრამით გათვალისწინებული მიზნების უგულვებელყოფა და მის ფარგლებში გათვალისწინებული თანხები მიმართულ იქნა "ნაციონალური მოძრაობის" წინასაარჩევნო კამპანიის სასრგებლოდ", - განაცხადა აზნაურაშვილმა.