"შრომის კოდექსში" შეტანილ ცვლილებებს პრეზიდენტმა ხელი მოაწერა

"შრომის კოდექსში" შეტანილ ცვლილებებს გუშინ პრეზიდენტმა ხელი მოაწერა. ამის თაობაზე ინფორმაციას იუსტიციის მინისტრის მოადგილე სანდრო ბარამიძე "Facebook" - ის გვერდზე ავრცელებს. ბარამიძის ცნობით, კანონი "საკანონმდებლო მაცნეში" დღეს გამოქვეყნდება და გამოქვეყნებისთანავე ძალაში შევა. 

საკმაოდ ხანგრძლივი - რამდენიმეთვიანი მსჯელობისა და დებატების შემდეგ, პარლამენტმა "შრომის კოდექსში" ცვლილებები 13 ივნისს მიიღო.

იუსტიციის სამინისტროს მიერ მომზადებულმა პროექტმა განხილვის პროცესში ცვლილებები რამდენჯერმე განიცადა. ახალ რეგულაციებს ძირითადად ბიზნესწრეები და პარლამენტში ბიზნესიდან მისული დეპუტატები აპროტესტებდნენ.

"ჩვენ მოვახერხეთ კონსენსუსის მიღწევა და მივიღეთ "შრომის კოდექსი", რომელიც მაქსიმალურად დაიცავს ორივეს - დასაქმებულისა და დამსაქმებლის ინტერესებს", - ასეთია მმართველი გუნდის შეფასება აღნიშნულ დოკუმენტთან დაკავშირებით.