"უფლისწული და მათხოვარი" წამიკითხავს, "პრეზიდენტი და მათხოვარი" პირველად მესმის

პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა არჩევნების თარიღის ცვლილება 3-4 დღით ხელისუფლების გახანგრძლივებისთვის მოახდინა. ამის შესახებ "თაიმერს" საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელმა ლევან ბერძენიშვილმა არჩევნების თარიღის კიდევ ერთხელ ცვლილების კომენტირებისას განუცხადა. 

"პრეზიდენტმა სამჯერ რომ გამოაცხადა არჩევნები, ერთხელ 27-ში, შემდეგ 31-ში, შემდეგ კიდევ 27-ში - ამით აჩვენა რა დონის იურისტი იყო იგი და საერთოდ, რა დონის მოქალაქეა. ჩემი აზრით, სამარცხვინო ამბავია, ასე არ უნდა ხდებოდეს. პრეზიდენტმა თქვა - ისიც კი არ იციან, რომ მე 31-ში და 27-ში კი არ მივდივარ არამედ, ინაუგურაციის შემდეგო. კი, მაგრამ ახალი პრეზიდენტი არჩევნებიდან 3 კვირის შემდეგ დებს ფიცს და სამი დღით ადრე იქნება თუ არა, დიახ, სააკაშვილისთვის მნიშვნელოვანი ყოფილა - 21 ნოემბერს წავა პოლიტიკიდან თუ 19 ნოემბერს", - განუცხადა "თაიმერს" ბერძენიშვილმა.

მისივე თქმით, პრეზიდენტი, რომელმაც პოსტი 10 თვით გაიხანგრძლივა, "კიდევ 4 დღეს მისტირის".

"უფლისწული და მათხოვარი" წაკითხული მაქვს, მაგრამ "პრეზიდენტი და მათხოვარი" პირველად მესმის. ასეთი რამ არც ერთი ქვეყნის პრეზიდენტს არ უკადრია. ახლა ამბობს, რომ თურმე ხათრიანი კაცია და უხათრა უცხოეთში მცხოვრებ ქართველებს. პრეზიდენტმა ალბათ არ იცის, რომ ჩვენთვის ცნობილია - 2012 წლის ოქტომბრის შემდეგ იგი პოლიტიკური გვამია, არაფერს წარმოადგენს. ვეტოს დაადებს, ვეტო დაიძლევა, კანონს გამოსცემს, კანონი გამოიცვლება, დანიშნავს არჩევნებს, გადანიშნავს, სულ ერთია, მაინც უმნიშვნელო ფიგურაა", - აღნიშნა დეპუტატმა.

მისივე თქმით, სირცხვილია, რომ საააკშვილმა 4 დღით პრეზიდენტობის გასახანგრძლივებლად ამხელა ვნებათაღელვა გამოიწვია.

"ეს სამარცხვინო იყო მისი მხრიდან, დანარჩენი - ბარნოვიც და არასამთავრობოებიც ცდილობენ მას სახე შეუნარჩუნონ. მადლობა ვუთხრათ მათ, რომ ჰუმანური ხალხი ყოფილან, მაგრამ პრეზიდენტმა სახე ვერ შეინარჩუნა და თავი მოიჭრა 4 დღეზე თავისი მათხოვრობით. ბოლოს და ბოლოს რითი ვერ გაძღა, ამდენი წელი, რა იყო ეს ძალაუფლება ასეთი და რას კარგავს ასეთს, როგორც ჩანს, რაღაც სერიოზულს კარგავს. მაგრამ არ შეიძლება ასე საჯაროდ თქვა, რომ 4 დღის გლახაკი ხარ", - განაცხადა ბერძენიშვილმა.