"ვადაგასულ წამლებსა და მედიკამენტებს "033" წლების განმავლობაში იყენებდა"

არასამათვრობო ორგანიზაცია "სამოქალაქო ჩართულობის ცენტრმა" ერთი თვის წინათ მერიის, საკრებულოების, სახელმწიფო უწყებების კვლევა საჯარო ინფორმაციის გაცემის კუთხით დაიწყო. როგორც გაზეთ "ალია"-სთან საუბრისას ორგანიზაციის ხელმძღვანელმა ლევან ჩიტაძემ განაცხადა, კვლევის პროცესში სასწრაფო დახმარებასთან დაკავშირებით საინტერესო ვითარება გამოიკვეთა. 

"გვაქვს ინდოემაცია და საბუთები, რომ "033" წლების განმავლობაში თითქმის ვადაგასულ წამლებსა და მედიკამენტებს იყენებდა. ამას ისინი მედიკამენტებს საბაზრო ფასთან შედარებით ნახევარ და მესამედ ფასად ყიდულობდნენ. ავადმყოფებს ამით მკურნალებდნენ და პირველად დახმარებას უწევდნენ", - აცხადებს ჩიტაძე.

მისი აზრით ეს ყოველივე შეიძლება გარკვეული სასამართლო პროცესების საწინდარი გახდეს. ამასთან ლევან ჩიტაძის ორგანიზაცია დაინტერესებულია სასწრაფოს ყოფილი ხელმძღვანელით, მადონა ჭეიშვილით.

"ესაა ადეიშვილის ყოფილი მოადგილის, დავით საყვარელიძის დედა. მის დროს რამდენიმე პროექტი განხორციელდა, რომლებზეც კვლევას ვატარებთ, მაგრამ სასწრაფო სამსახური ინფორმაციას არ გასცემს. თუმცა წინასწარ შეგვიძლია ვთქვათ, მადონა ჭეიშვილმა რომ დატოვა ეს თანამდებობა და ერთ-ერთი საავადმყოფოს ხელმძღვანელი გახდა, მას სამსახურიდან რადენიმე მნიშვნელოვანი სიკეთე გაჰყვა. მათ შორის, უწყების კუთვნილი ავტომობილი და მძღოლი, რომელიც 2 წლის განმავლობაში ემსახურებოდა", - განაცხადა ჩიტაძემ და აქვე აღნიშნა, რომ არსებობს უამრავი ფინანსური ხარვეზი, რომელიც ჭეიშვილის მმართველობას უკავშირდება.