"ნაციონალური მოძრაობის" მიერ მიღებული შემოწირულობის საკითხს მთავარი პროკურატურა შეისწავლის

პარტიების ფინანსური მონიტორინგის სამსახური "ნაციონალური მოძრაობის" მიერ საპარლამენტო არჩევნების წინაპერიოდში დიდი ოდენობით უკანონო შემოწირულობის მიღებაზე საუბრობს და ანგარიშს დამატებითი შესწავლისთვის პროკურატურას უგზავნის.

აღნიშნულთან დაკავშირებით სახელმწიფო აუდიტის სამსახურში საგანგებო განცხადება ცოტა ხნის წინ ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებელმა ზურაბ აზნაურაშვილმა გააკეთა.

"ფინანსური მონიტორინგის სამსახურმა პროკურატურიდან მიღებული მასალების შესწავლის შედეგად გამოავლინა, რომ "ნაციონალურმა მოძრაობამ" კანონის გვერდის ავლით, პარტიული მიზნებისთვის გამოიყენა დასაქმების პროგრამისთვის გათვალისწინებული სახსრები და მიიღო უკანონო შემოწირულობა 5 მილიონ 240 880 ლარის ოდენობით. კერძოდ, 2012 წელს, სოციალური მომსახურების სააგენტომ, დასაქმების პროგრამის ფარგლებში განახორციელა შრომითი ხელშეკრულების დადება 21 837 პირთან, რომლებმაც განახორციელეს პარტიის სასარგებლოდ წინასაარჩევნო სააგიტაციო სამუშაოები. აღნიშნული ცხადყოფს, რომ მოხდა დასაქმების პროგრამით გათვალისწინებული მიზნების უგულვებელყოფა და მის ფარგლებში გათვალისწინებული თანხები მიმართულ იქნა "ნაციონალური მოძრაობის" წინასაარჩევნო კამპანიის სასრგებლოდ", - განაცხადა აზნაურაშვილმა.

მისივე განმარტებით, რადგან პარლამენტის მიერ 2012 წლის 19 დეკემბერს მიღებული "ამნისტიის აქტის" შესაბამისდად უწყება მოკლებულია შესაძლებლობას განახორციელოს ადმინისტრაციული საქმის წარმოება და რადგან საქმეში იკვეთება მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა ნორმების დარღვევის ნიშნები, აღნიშნულ ანგარიშს დამატებითი შესწავლისთვის პროკურატურას გადაუგზავნიან.