შსს-მ იოსებიძის ქუჩაზე მომხდარი მკვლელობა გახსნა

შსს-მ იოსებიძის ქუჩაზე მომხდარი მკვლელობა გახსნა

იოსებიძის ქუჩაზე მომხდარ მკვლელობასთან დაკავშირებით, შინაგან საქმეთა სამინისტრო ოფიციალურ ინფორმაციას ავრცელებს. სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, თბილისის მთავარი სამმართველოს დეტექტივების სამმართველოს თანამშრომლებმა ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიების შედეგად განზრახ მკველობის ბრალდებით 1982 წელს დაბადებული ზურაბ კ. დააკავეს.

შსს-ს ცნობით, დაკავებულმა გვიან ღამით, იოსებიძის ქუჩაზე, ურთიერთშელაპარაკებისას 1991 წელს დაბადებული თორნიკე ხიზანიშვილი ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. თორნიკე ხიზანიშვილი მიღებული სასიკვდილო ჭრილობით საავადმყოფოში გარდაიცვალა.

სამართალდამცველებმა ზურაბ კ. დანაშაულის ჩადენიდან რამდენიმე საათში დააკავეს.

ბრალდებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს.

სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება განზრახ მკვლელობის და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების ფაქტზე მიმდინარეობს (სსსკ 108-ე მუხლით და 236-ე მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილებით).