მუდმივი არაფერი აღარ იქნება ამ ქვეყანაში და 10-15 წელი ერთი და იგივე პარტიები და პიროვნებები ვეღარ მართავენ ქვეყანას, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილმა განაცხადა. ეს განცხადება მან აშშ-ის საელჩოში აშშ-ის დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით გუშინ გამართულ საზეიმო მიღებაზე ჟურნალისტებთან საუბრისას ბიძინა ივანიშვილის განცხადების კომენტირებისას გააკეთა, რომელიც მიიჩნევს, რომ "ნაციონალები", როგორც კი ვერ შეძლებენ ოპონირებას, აუცილებლად გაჩნდება სხვა ძალა, თუ არა და კოალიცია დაიშლება.
"მრავალპარტიული დემოკრატია ნიშნავს იმას, რომ მუდმივი არაფერი აღარ იქნება ამ ქვეყანაში და 10-15 წელი ერთი და იგივე პარტიები და პიროვნებები აღარ მართავენ ამ ქვეყანას. ეს ნიშნავს იმას, რომ ყოველი ახალი არჩევნების წინ უნდა ველოდოთ ახალ პოლიტიკურ ძალებს, ახალ კონფიგურაციებს. ეს არის მრავალპარტიული დემოკრატიის აუცილებელი ნიშანთვისება და საქართველოშიც ასე იქნება", - აღნიშნა უსუფაშვილმა.
მისივე თქმით, არანაირი საფუძველი არ არსებობს დღეს, რომ კოალიციიდან ვინმე ოპოზიციაში გადავიდეს. "ჩვენ ერთად ვიქნებით იმ ვადით, რა ვადითაც მანდატი მივიღეთ ქართველი ხალხისგან. ეს მანდატი ჩვენ ერთად მივიღეთ და ერთად ვაგებთ პასუხს ყველაფერზე", - დასძინა უსუფაშვილმა.
პრემიერ-მინისტრმა გუშინ განაცხადა, რომ "ნაციონალები", როგორც კი ვერ შეძლებენ ოპონირებას, აუცილებლად გაჩნდება სხვა ძალა. როგორც მან დღეს მედიის წარმომადგენლებთან გამართულ შეხვედრაზე აღნიშნა, წინააღმდეგობის არარსებობის შემთხვევაში კოალიცია ბუნებრივად დაიშლება.