ახალი ხელისუფლება არც ერთ შემთხვევაში არ დაუშვებს, რომ ამერიკის ინტერესები საქართველოსთან ურთიერთობაში ოდნავ მაინც შენელდეს, _ ამის შესახებ ჟურნალისტებს, ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოში გუშინ გამართულ ღონისძიებაზე, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა განუცხადა.
მანამდე პრემიერმა ღონისძიების მონაწილეებს სიტყვით მიმართა და ამერიკელ ხალხს ამერიკის შეერთებული შტატების დამოუკიდებლობის დღე მიულოცა.
"ახალი ხელისუფლება ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ ამერიკის შეერთებული შტატების ინტერესი, როგორც პარტნიორის, საქართველოსთან მიმართებაში გაიზარდოს და არც ერთ შემთხვევაში არ დაუშვებს, რომ ოდნავ მაინც შენელდეს. ჩვენ გავაკეთებთ ყველაფერს, რომ გაიზარდოს და გაძლიერდეს ამერიკის ინტერესები საქართველოსთან, როგორც პარტნიორ ქვეყანასთან ურთიერთობაში", _ აღნიშნა ბიძინა ივანიშვილმა. მან ამერიკას, როგორც სტრატეგიულ პარტნიორ სახელმწოფოს დამოუკიდებლობის დღე კიდევ ერთხელ მიულოცა.