თუ ასეთი რეზოლუციები გაგრძელდა, სადაც არის ლაპარაკი პოლიტიკურ დევნაზე, პოლიტიკურ პატიმრებზე, დემოკრატიის დარღვევაზე და ეკონომიკური კლიმატის გაუარესებაზე, მაშინ საქართველო რჩება დაუცველი და მისი რეპუტაცია დაინგრევა, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა გუშინ სპეციალურ ვიდეომიმართვაში განაცხადა.
მისი თქმით, ერთხელ შელახული სახელის აღდგენა ძალიან ძნელია. "შევარდნაძის დროს საქართველოს საერთოდ არ ჰქონდა სახელი და ნულიდან ავაშენეთ. ახლა უკვე შექმნილ სახელმწიფოს რომ გააფუჭებ, ისე, როგორც ამას ესენი ყოველდღე ძალიან ცდილობენ, მერე იმის გამოსწორება იქნება ძალიან ძნელი. ამიტომ, მოვუწოდებ მთავრობას, სათუთად გაუფრთხილდეს იმას, რაც არის ჩვენი საერთო მონაპოვარი და თავის ბოღმის და ღვარძლის გამო, ამას ნუ გადააყოლებენ საქართველოს რეპუტაციას და ინტერესებს", - აღნიშნა სააკაშვილმა.
მისივე თქმით, წინა ხელისუფლების პერიოდში საქართველოს ყველა შენატროდა და ყველგან ხელის გულზე ატარებდნენ. "უკვე მერამდენედ მინდა ვუთხრა პრემიერ-მინისტრს, ის, რასაც ის ეძახის სააკაშვილს პიარს, სიცრუეში ცხოვრებას, უცხოელების შეცდომაში შეყვანას, ეს იყო ის, რაც შეადგენდა საქართველოს საერთაშორისო რეპუტაციას, საქართველოს განსაკუთრებულობას და წარმატებულობას მსოფლიოში და ეს ეფუძნებოდა იმ ძალიან მძიმე შრომას, რომელიც ჩვენ გავწიეთ ბოლო წლებში. ეს გულისხმობს მუშაობას უცხოურ სახელმწიფოებთან, საქართველოს სახელის დამკვიდრებას მთელ მსოფლიოში, რომელიც ასევე ეფუძნებოდა იმ რეალურ ცვლილებებს, რომელიც მოხდა საქართველოში. ეს იყო ის, რის ხარჯზეც საქართველო იყო უფრო დაცული და პატივცემული ქვეყანა მთელ სამეზობლოში. გარშემო ყველა შემოგვნატროდა და ყველგან ხელის გულზე გვატარებდნენ. დღეს, ამ ყველაფრის ნგრევა ასეთი განცხრომით, არის იმ ტოტის გახერხვა, რომელზეც ზის ჩვენი ქვეყანა", - განაცხადა სააკაშვილმა.