"ეროვნულმა ფორუმმა" რეგიონებში პარტიული კონფერენციების გამართვა დაიწყო.
2012 წლის ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ დღეს პირველი პარტიული კონფერენცია სიღნაღში, დაბა წნორში ჩატარდა.
კონფერენციას "ეროვნული ფორუმის" სიღნაღის რაიონული ორგანიზაციის 500-ზე მეტი წევრი ესწრებოდა.
შეხვედრაზე ქიზიყელმა "ფორუმელებმა" რაიონში არსებულ პრობლემებზეც ისაუბრეს. როგორც შეხვედრის მონაწილებმა განაცხადეს, სიღნაღის რაიონში 1500-მდე ოჯახს კუთვნილი სასოფლო-სამეურნეო ვაუჩერი ამ დრომდე არ მიუღია. მათი თქმით, "ახალი ხელისუფლების მოსვლის შემდეგ მმართველ ორგანოებში კვლავ "ნაციონალური მოძრაობის" წევრები რჩებიან და ამმხრივ არაფერი შეცვლილა". ქიზიყელები რაიონის მაჟორიტარი დეპუტატის გელა გელაშვილისგან რაიონში არსებული პრობლემების მიმართ უფრო მეტი ყურადღების გამოჩენას მოითხოვენ.
შეხვედრაზე "ეროვნული ფორუმის" თავმჯდომარე კახაბერ შარტავა, გენერალური მდივანი რევაზ შავიშვილი, საპარლამენტო ფრაქცია "ეროვნული ფორუმის" თავმჯდომარე, გორის მაჟორიტარი დეპუტატი სოსო ვახტანგაშვილი, ქუთაისი მაჟორიტარი გუბაზ სანიკიძე და დეპუტატი ანი მიროტაძე, ასევე, "ეროვნული ფორუმის" სხვა წარმომადგებლები ესწრებოდნენ.
პარტიის ლიდერებმა მოსახლეობის მიერ დასმულ პრობლემებზე და ქვეყანაში არსებულ პოლიტიკურ ვითარებაზე ისაუბრეს. მათ "ეროვნული ფორუმის" სიღნაღის აქტივს მოუწოდეს, ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნებისთვის მოემზადონ, რადგან "გასული წლის ოქტომბერში მიღწეული გამარჯვება ბოლომდე მისაყვანია".
ამასთან, "ეროვნული ფორუმი" აქტიურ მზადებას იწყებს მომავალი წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის. როგორც "ფორუმის" ლიდერებმა აღნიშნეს, ადგილზე პრობლემების მოგვარების ყველაზე ეფექტური არჩევნების გზით ადგილობრივი ხელისუფლების შეცვლაა".
გარდა ამისა, კონფერენციაზე სიღნაღის რაიონული ორგანიზაციის ბიუროს 5-კაციანი შემადგენლობა დაამტკიცეს ნოდარ კუტიბაშვილის ხელმძღვანელობით.
ცნობისთვის, უახლოეს მომავალში "ეროვნული ფორუმი" რაიონული კონფერენციების გამართვას ხაშურსა და რუსთავში, ასევე სხვა რაიონულ ცენტრებში გეგმავს.