"ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუციაში ვანო მერაბიშვილთან დაკავშირებით შესულ შესწორებაზე ინფორმაციას ავრცელებს. როგორც "ნაციონალური მოძრაობის" "ფეისბუქის" ოფიციალურ საიტზე გამოქვეყნებულ განცხადებაშია ნათქვამი, პარტიის გენერალურ მდივანთან დაკავშირებით დეპუტატ კრისტიან პოლმის შეთავაზებული შესწორება შევიდა იმ ნაწილში, სადაც საუბარია პოლიტიკური პატიმრების არსებობის დაუშვებლობის, პოლიტიკურ ოპონენტებთან ანგარიშსწორებისა და შერჩევითი სამართლის მიუღებლობის შესახებ (მუხლი 108). პარტიის ინფორმაციით, შესწორება საქართველოში შერჩევითი სამართლის გამოყენებისა და "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" გენერალური მდივნის, ივანე მერაბიშვილის წინასწარ პატიმრობაში აყვანის გამო შეშფოთების შესახებ არის.
"დღეს, 3 ივლისს ქ. სტამბოლში მიმდინარე ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პლენარულმა სესიამ ერთხმად დაამტკიცა შვედი დეპუტატის, კრისტიან ჰოლმის მიერ შეთავაზებული შესწორება რეზოლუციაში "ჰელსინკი 40+" საქართველოში შერჩევითი სამართლის გამოყენებისა და "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" გენერალური მდივნის, ივანე მერაბიშვილის წინასწარ პატიმრობაში აყვანის გამო შეშფოთების შესახებ. აღსანიშნავია, რომ შესწორება რეზოლუციის სწორედ იმ ნაწილში შევიდა, სადაც საუბარია პოლიტიკური პატიმრების არსებობის დაუშვებლობის, პოლიტიკურ ოპონენტებთან ანგარიშსწორებისა და შერჩევითი სამართლის მიუღებლობის შესახებ (მუხლი 108). რეზოლუციის 152-ე პარაგრაფი გვამცნობს: "იხსენებს რა მონაკოში 2012 წელს მიღებულ რეზოლუციას "საქართველოში სიტუაციის შესახებ" და მიესალმება რა ისტორიაში პირველ ხელისუფლების გადაცემას არჩევნების გზით, ასამბლეა ხაზს უსვამს კანონის უზენაესობის მნიშვნელობას და მოუწოდებს საქართველოს მთავრობას თავი შეიკავოს შერჩევითი სამართლის გამოყენებისგან და გამოხატავს შეშფოთებას ყოფილი პრემიერ–მინისტრის და სავარაუდო საპრეზიდენტო კანდიდატის წინასწარი პატიმრობის თაობაზე", - ნათქვამია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" განცხადებაში.
პარტიის ინფორმაციით, მნიშვნელოვანია, რომ შესწორების წინააღმდეგ პლენარულ სხდომაზე არავინ წასულა, მათ შორის, არც საქართველოს დელეგაციის წევრი საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენლები. განცხადების თანახმად, ასევე, არანაკლებ მნიშვნელოვანია ის, რომ შესწორებას მხარი დაუჭირა ამერიკის შეერთებული შტატების დელეგაციამ, რომელიც ასამბლეაზე წარმოდგენილია როგორც კონგრესმენებით, ასევე სენატორებით.
"ერთიანი ნაციონალური მოძრაობა მიიჩნევს, რომ მიღებული რეზოლუცია კიდევ ერთხელ ადასტურებს საერთაშორისო თანამეგობრობის სულ უფრო მკაფიოდ გამოხატულ აზრს იმასთან დაკავშირებით, რომ შერჩევითი სამართლის საქართველოს მთავრობის მიერ ყოველდღიური ცხოვრების წესად დამკვიდრება ზიანს აყენებს საქართველოს", – განაცხადა პარლამენტის წევრმა გიორგი კანდელაკმა.
მისივე თქმით, იმ ფონზე, როცა ყოველდღე ყველა ოფიციალური მონაცემით იზრდება უმუშევრობა და მოქალაქეები რჩებიან შემოსავლის გარეშე, იმ ქვეყნის იმიჯის დამკვიდრება, სადაც იდევნება ოპოზიცია აფრთხობს ინვესტორებს და კიდევ უფრო ამძიმებს ისედაც მძიმე ეკონომიკურ სურათს.
სტამბოლში, დღეს ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის 22-ე პლენარულ სესიაზე მიიღებულ ერთ-ერთ რეზოლუციაში "დემოკრატიის, ადამიანთა უფლებების დაცვისა და ჰუმანიტარული საკითხების" შესახებ ასევე აღნიშნულია, რომ ასამბლეა სინანულს გამოთქვამს პოლიტიკურად მოტივირებული დაკავებებით ბელორუსში, რუსეთის ფედერაციასა და უკრაინაში.