საქართველოს პრეზიდენტი ეუთო-ს ასამბლეის მიერ მიღებულ რეზოლუციას ეხმაურება და საქართველოსთან მიმართებაში ტერმინ "პოლიტპატიმრის" გამოყენებას "შემაშფოთებელს" უწოდებს.
როგორც სააკაშვილი აცხადებს, ეს ქვეყნის რეპუტაციის შემლახველია.
"ის, რომ უახლეს ისტორიაში, პირველად, ძალიან ავტორიტეტული ევროპული ინსტიტუტი - ევროპის მთავარი საპარლამენტო ორგანო საქართველოსთან მიმართებაში იყენებს ტერმინს "პოლიტიკური პატიმრები", არ შეიძლება ყველა ჩვენგანისთვის არ იყოს დაფიქრების საფუძველი. ყველანი ვიყავით იმის მომსწრე, თუ როგორ იზრდებოდა საქართველოს ავტორიტეტი წინა წლების განმავლობაში. როგორ დამკვიდრდა საქართველო ევროპისა და მსოფლიოს რუკებზე; როგორ გაიზარდა ჩვენი ქვეყნის მიმართ პატივისცემა. რომელ პოლიტიკურ ფლანგსაც არ უნდა მივეკუთვნებოდეთ, ამ ტერმინის გამოყენება საქართველოსთან მიმართებაში შეუძლებელია, არ გვაღელვებდეს და გვაფიქრებდეს. ეს არის საქართველოს რეპუტაციისა და პრესტიჟის შელახვა", - მიიჩნევს საქართველოს პრეზიდენტი.