ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის მშენებლობა აქტიურ ფაზაში შევიდა, - ამის შესახებ შპს "მარაბდა-კარწახის რკინიგზის" დირექტორი ირაკლი წულაია საქართველოს პრეზიდენტის განცხადების საპასუხოდ აღნიშნავს.
წულაიამ საპასუხო განცხადება მიხეილ სააკაშვილის იმ ნათქვამთან დაკავშირებით გაავრცელა, რომლის მიხედვით, "ყარსი-ახალქალაქის რკინიგზის მშენებლობა იმდენად შენელებული ტემპით მიმდინარეობს, რომ ეს ფაქტობრივად შეჩერებას ნიშნავს".
"მსურს აღვნიშნო, რომ ეს განცხადება არის მცდარი. უკანასკნელი 4 წლის განმავლობაში შესრულდა მთლიანი სამუშაოების მხოლოდ 28%. ჩვენი ახალი გათვლებით დარჩენილი 72% 2 წელში შესრულდება, რაც 4-ჯერ უფრო სწრაფი ტემპია. აღსანიშნავია, რომ დღეის მდგომარეობით გახსნილია 8 სამუშაო ფრონტი, ხოლო წინა ხელისუფლების პერიოდში გახსნილი იყო მხოლოდ 1. მიმდინარეობს ინტენსიური სამშენებლო სამუშაოები ბაქო-თბილისი-ყარსის პროექტის ქართულ მონაკვეთზე. ასევე მინდა ხაზი გავუსვა - სამუშაოების შესრულების კვარტლური პროცენტულობა მნიშვნელოვნად გაზრდილია. მაისი-ივნისის მონაცემებით, შესრულება გახლავთ 16 მილიონი აშშ დოლარი, რაც რეკორდული მაჩვენებელია ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის მშენებლობის ისტორიაში", - აცხადებს წულაია.
მისივე თქმით, პრეზიდენტს მსგავსი აზრი წარსულშიც არაერთხელ გამოუთქვამს. "კიდევ ერთხელ მსურს ხაზი გავუსვა, რომ მსგავსი განცხადებები არის უპასუხისმგებლო და საფრთხეს უქმნის ქვეყნის საერთაშორისო იმიჯს. ჩვენი პროექტით დაინტერესებულია ISAF-ის მისია, ასევე მრავალი ქვეყანა, რომლებთან ურთიერთობაც ჩვენი სახელმწიფოსთვის სტრატეგიულ მნიშვნელობას წარმოადგენს.
კიდევ ერთხელ მოვუწოდებ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს, რომ თავი შეიკავოს მსგავსი განცხადებებისგან. ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზა არ არის რომელიმე კონკრეტული პოლიტიკური გუნდისათვის მნიშვნელოვანი პროექტი, ეს არის სახელმწიფო მნიშვნელობის მქონე საკითხი და არ არის მიზანშეწონილი მისი პოლიტიკური სპეკულაციებისთვის გამოყენება," - განაცხადა შპს "მარაბდა-კარწახის რკინიგზის" დირექტორმა ირაკლი წულაიამ.