სასჯელაღსრულების დეპარტამენტის რუსთავის #5-ე ქალთა დაწესებულებაში მოშიმშილე მსჯავრდებულები შიმშილობას შეწყვეტენ, - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელიამ #5-ე დაწესებულებიდან გამოსვლის შემდეგ განუცხადა.
მისი განმარტებით, მსჯავრდებული ქალბატონები დაჰპირდნენ, რომ შიმშილობას შეწყვეტენ იმ დაპირებით, რომ ინდივიდუალური მიდგომით ეტაპობრივად მათი საქმეების გადახედვა მოხდება. ბესელიას თქმით, ეს ინფორმაცია, მსჯავრდებულმა ქალბატონებმა ძალიან პოზიტიურად აღიქვეს.
"შევთანხმდით, რომ ვიმუშავებთ იმაზე, რა შეიძლება გაკეთდეს ინდივიდუალურად ამ მსჯავრდებული ქალებისთვის. ზოგ შემთხვევაში შეიძლება ვადაზე ადრე გათავისუფლება, ზოგ შემთხვევაში შეწყალების მექანიზმის გამოყენება. არის კონკრეტული საქმეები, რომლებიც ხარვეზების დამდგენ კომისიას გადაეცემა, სხვადასხვა საშუალების გამოყენებით ამ საქმეების გადახედვა მოხდება. მაქსიმალურად გულისხმიერად მოვეკიდებით ამ საქმეს. ქალბატონებს ვთხოვეთ შიმშილობის შეწყვეტა და დაგვთანხმდნენ", - აღნიშნა ეკა ბესელიამ.