დააზარალებს თუ არა ქართულ ბიზნესს ირანთან უვიზო რეჟიმის გაუქმება?

დააზარალებს თუ არა ქართულ ბიზნესს ირანთან უვიზო რეჟიმის გაუქმება?

საქართველოს მიერ ირანთან უვიზო მიმოსვლის ცალმხრივად გაუქმების მიუხედავად ბიზნესმენების ნაწილი ირანთან ეკონომიკური ურთიერთობების შენელებას არ ელოდება.

როგორც ბიზნესმენი ნაზი ალასანია, „კომერსანტთან“ საუბარში აცხადებს, ირანელმა ბიზნესმენებმა სავიზო რეჟიმის ამოქმედების შემდეგაც პრობლემების გარეშე შეძლებს საზღვრის გადმოკვეთა. მისივე თქმით, არც ბიზნეს და არც ტურისტული აქტივობა არ შენელდება, რადგან ირანული ბიზნესი მაშინაც კი ძალიან აქტიური იყო, როდესაც უმკაცრესი სავიზო კონტროლი მოქმედებდა. რა გავლენას მოახდენს სავიზო რეჟიმის ამოქმედება ორი ქვეყნის ურთიერთობაზე ამ თემაზე კომენტარს ირანის საელჩოსგანაც ველოდებით.

ცნობისთვის: საგარეო საქმეთა სამინისტრომ ირანთან უვიზო მიმოსვლის ცალმხრივად გაუქმება ოფიციალურად გუშინ დაადასტურა. თუმცა, ვითარება არ შეცვლილა საქართველოს მოქალაქეებისთვის. ირანში გასამგზავრებლად საქართველოს მოქალაქეებს 45 დღის განმავლობაში ვიზა არ სჭირდებათ. ირანთან უვიზო მიმოსვლა 2011 წლის 26 იანვრიდან მოქმედებდა.

აღნიშნულ საკითხზე დღეს დამატებითი განმარტებები გააკეთა საგარეო საქმეთა მინისტრმა მაია ფანჯიკიძემ. მისი განცხადებით, ირანთან სავიზო რეჟიმი ცალმხრივად დროებით გაუქმდა.

მთავრობის სხდომის დაწყებამდე ფანჯიკიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ირანთან სავიზო რეჟიმის ცალმხრივად გაუქმების გადაწყვეტილება საგარეო საქმეთა სამინისტროს არ მიუღია, ეს გადაწყვეტილება მიიღო კომისიამ, რომელიც მიგრაციის საკითხებზე მუშაობს. ამ კომისიის თავმჯდომარეა იუსტიციის მინისტრი.

ფანჯიკიძის განცხადებით, საემიგრაციო პოლიტიკა საქართველოში არ არსებობდა და ახლა მიმდინარეობს მისი შემუშავება.

"ახალი გამოწვევებია, რის გამოც, აუცილებელი გახდა ამ პოლიტიკის შემუშავება. ამ პოლიტიკის შემუშავების ფარგლებში უნდა გადაიხედოს და მოწესრიგდეს სავიზო რეჟიმები სხვადასხვა ქვეყნებთან. ამ კომპლექსური საკითხის ნაწილია ის, რომ დროებით, ცალმხრივად შეჩერდა უვიზო მიმოსვლა ირანთან. სხვათა შორის, უნდა აღვნიშნო, რომ ასეთი შემთხვევა 2012 წელს იყო, როდესაც ირანმა შეაჩერა ცალმხრივად ეს ხელშეკრულება და არავითარი ვნებათაღელვა ამას არ მოჰყოლია. მაშინ ეს რამდენიმე თვით იყო შეჩერებული, ახლაც ასეა", - განაცხადა მაია ფანჯიკიძემ.

მისივე თქმით, ამ გადაწყვეტილებით ირანის მოქალაქეებს არანაირი პრობლემები არ შეექმნებათ საქართველოში ჩამოსვლაში და მათ შეუძლიათ ვიზები აიღონ როგორც საქართველოს საკონსულოში, ასევე საზღვარზე.

კითხვაზე, ხომ არ უკავშირდება ეს გადაწყვეტილება Wall Street Journal-ში ცოტა ხნის წინ გამოქვეყნებულ სტატიას, მაია ფანჯიკიძემ განაცხადა, რომ ეს სტატია ცოტა ხნის წინ გამოქვეყნდა, ხოლო მთავრობა ამ საკითხზე ჯერ კიდევ მარტიდან მუშაობს. აქედან გამომდინარე, საგარეო საქმეთა მინისტრი ამ ორ ფაქტს შორის კავშირს უარყოფს.