"ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუციაში საქართველოს მიერ დაყენებული ყველა სტრატეგიულად მნიშვნელოვანი საკითხია ასახული"

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის ვიქტორ დოლიძის განცხადებით, ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუციაში საქართველოს მიერ დაყენებული ყველა სტრატეგიულად მნიშვნელოვანი საკითხია ასახული. 

ამის შესახებ დოლიძემ ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პლენარული სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა, სადაც რეზოლუცია დაამტკიცეს.

"საერთო ჯამში, კარგი დოკუმენტია და პრაქტიკულად, საქართველოს მიერ დაყენებული ყველა სტრატეგიულად მნიშვნელოვანი საკითხია ასახული, რაც მისასალმებელია. პირველ რიგში, ეს შეეხება ტერიტორიული მთლიანობის პრინციპს და დეოკუპაციის აუცილებლობას; ეს შეეხება იძულებით ადგილნაცვალ პირთა უპირობო დაბრუნებას, საკუთრების უფლების დაცვით; ეს შეეხება ეთნიკურ წმენდას, რომელიც კარგა ხნის განმავლობაში არ იყო დაფიქსირებული და ახლა კიდევ ერთხელ დაფიქსირდა; ეს ასევე შეეხება საქართველოში მიმდინარე დემოკრატიულ პროცესებს, კერძოდ, საკონსტიტუციო ცვლილებებს, რომელიც ძალთა ბალანსს ადგენს ერთხელ და სამუდამოდ ქვეყანაში, ისევე, როგორც სასამართლო რეფორმების სწორად მიმდინარეობას, რასაც ეუთო მიესალმება", - განაცხადა დოლიძემ.

შეგახსენებთ, რომ რეზოლუცია ეუთო-ს ყოველწლიურ, 22-ე საპარლამენტო ასამბლეაზე მიიღეს.