"ნაციონალები" სტატისტიკის სამსახურის მონაცემების გამო შეშფოთებას გამოხატავენ

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ გამოქვეყნებული ეკონომიკური მონაცემების გამო შეშფოთებას გამოხატავს. 

როგორც დღეს გამართულ ბრიფინგზე საპარლამენტო უმცირესობის ერთ-ერთმა ლიდერმა მიხეილ მაჭავარიანმა განაცხადა, ეკონომიკური სტაგნაციის დამადასტურებელი ოფიციალური მონაცემების თანახმად, მაისში მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდა შეჩერდა და ნულს გაუტოლდა, ხოლო დღგ-ს ბრუნვები - ბიზნეს აქტივობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საზომი 6,2%-ით შემცირდა, რაც ეკონომიკურ ვარდნაზე მიუთითებს.

"სამწუხაროდ, ეს უტყუარი ტენდენცია ცხადყოფს, რომ ქვეყანა ვერ გავა მთავრობის მიერ დაგეგმილ ექვს პროცენტიან ზრდაზე, რაც ასევე სამწუხაროდ, კიდევ უფრო მეტი ჩვენი თანამოქალაქის უმუშევრად დარჩენას გამოიწვევს", - აღნიშნა მაჭავარიანმა.

მისივე ინფორმაციით, კიდევ უფრო სავალალო სურათია ბიუჯეტის შესრულებას თვალსაზრისით. როგორც მაჭავარიანმა აღნიშნა, ფინანსთა სამინისტროს თანახმად, 2013 წლის ივნისის თვის საგადასახადო შემოსავლებმა 429 მლნ შეადგინა, რომელიც 2012 წლის ივნისთან შედარებით 57 მლნ-ით ნაკლებია.

"სამინისტროს ოფიციალური დოკუმენტების მიხედვით, პირველადი ვარიანტით ბიუჯეტის შესრულება 3,228 მლნ უნდა ყოფილიყო, ექვსი თვის შესრულებამ კი 2,981 მლნ შეადგინა, რაც 247 მლნ-ით ნაკლებია გეგმასთან მიმართებაში (3,228 მლნ - 2,981 მლნ = 247 მლნ). ასეთი დიდი გარღვევა დაფიქსირდა მიუხედავად იმისა, რომ ფინანასთა სამინისტრო წინასწარ კრეფს გადასახადებს და დღგ-ს გადამხდელებს უკან აღარ უბრუნებს", - აცხადებს დეპუტატი.

აქედან გამომდინარე, როგორც მაჭავარიანმა აღნიშნა, სახეზეა ოთხი სამწუხარო ფაქტი: მთლიანი შიდა პროდუქტი მაისში არ გაიზარდა და ნულის ტოლია; 5 თვის ზრდამ მხოლოდ 2.3% შეადგინა, რის გამოც, დაგეგმილი 6%-იანი ზრდის შესრულება უკვე წარმოუდგენელია; საგადასახდო შემოსავლებში არის მზარდი ჩავარდნა, პირველად მოხდა, რომ 6 თვის შესრულება რეალურ (პირველად) გეგმასთან შედარებით 247მლნ-ით ნაკლებია; დღგ-ის ბრუნვების კატასტროფული შემცირება მაისში (-6,2%), რომელიც დადასტურებულია საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სააგენტოს მიერ.