"მიუხედავად იმისა, რომ ოპერა კარგად მესმის და შემიძლია, წავიმღერო კიდეც, არ მგონია, ბურჭულაძემ სცენაზე დადგომა მირჩიოს"

"დემოკრატიული მოძრაობის" ლიდერის და საპრეზიდენტო კანდიდატის ნინო ბურჯანაძის განცხადებით, "მიუხედავად იმისა, რომ ოპერა კარგად ესმის და შეუძლია, წაიმღეროს კიდეც, პაატა ბურჭულაძე მას სცენაზე დადგომას არ ურჩევს".

ამის შესახებ ბურჯანაძემ "პალიტრას" ეთერში განაცხადა.

"ბატონ პაატაზე არ ვისაუბრებ. მე ვფიქრობ, რომ ის დიდი პროფესიონალია საოპერო ხელოვნებაში. მას ჯერ პოზიცია არ დაუფიქსირებია და მგონია, რომ თავის თავს კანდიდატად არ წამოაყენებს. ის არის ადამიანი, რომელმაც საკუთარი თავის და ხელოვნების ფასი იცის. პირადად მე საოპერო ხელოვნების დიდი თაყვანისმცემელი ვარ, ბევრი რამ მომისმენია და ალბათ, შემიძლია, წავიმღერო კიდეც, თუმცა ამის მიუხედავად, არ მგონია, რომ ბატონმა პაატამ მირჩიოს, სცენაზე გამოვიდე და ვიმღერო", - განაცხადა ბურჯანაძემ და კოალიცია "ქართული ოცნების" საპრეზიდენტო კანდიდატს გიორგი მარგველაშვილსაც გამოეხმაურა.

"მე ვფიქრობ და ყოველთვის ვეუბნებოდი პრემიერს, რომ არასწორი პოზიცია იყო, როცა თავად გამოვიდა და პირადად დაასახელა საპრეზიდენტო კანდიდატი. ის არ უნდა აკეთებდეს განცხადებებს, რომ ის აუცილებლად გაიმარჯვებს. ეს შესაძლოა, სახელმწიფო უწყების თანამშრომლების მხრიდან აღქმული იყოს, როგორც დირექტივა. ის, რომ "ქართულ "ოცნებას" უნდა პირველ ტურში მარგველაშვილი გავიდეს, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ეს ასე იქნება. მე მგონია, რომ ის პირველ ტურში ვერ გაიმარჯვებს", - აღნიშნა ბურჯანაძემ.

საპრეზიდენტო კანდიდატის თქმით, არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში, მისი პირველი ნაბიჯი ქვეყანაში სამართლიანობის დამკვიდრება იქნება.