"როდესაც მასშტაბური ღონისძიება იმართება, გარკვეული ჯგუფების მხრიდან ტერორისტული აქტის საფრთხე ყოველთვის არის"

საგარეო საქმეთა მინისტრ მაია ფანჯიკიძის განცხადებით, როდესაც მასშტაბური ღონისძიება იმართება, გარკვეული ჯგუფების მხრიდან ტერორისტული აქტის საფრთხე ყოველთვის არის.

ამის შესახებ ფანჯიკიძემ ჟურნალისტებს იმ ინფორმაციის კომენტირებისას განუცხადა, რომლის თანახმად, "იმარატ კავკაზის" ხელმძღვანელმა დოკუ უმაროვმა საკუთარ თანამებრძოლებს სოჭის ოლიმპიადის ჩაშლისკენ მოუწოდა.

"საერთოდ, როდესაც ასეთი მასშტაბის ღონისძიებები ტარდება, არ აქვს მნიშვნელობა სოჭში იქნება ეს თუ სხვა რომელიმე ქალაქში, ყოველთვის არის საფრთხე იმისა, რომ გარკვეული ჯგუფები ცდილობდნენ, ამ ღონისძიებების ჩაშლას ან ტერორისტული აქტის მოწყობას. წარსულში ასეთი სამწუხარო შემთხვევები იყო. აქედან გამომდინარე, ვფიქრობ, რომ ორგანიზატორების მიერ უსაფრთხოების ზომები სათანადო დონეზე იქნება უზრუნველყოფილი. მოგეხსენებათ, ჩვენ გამოვთქვით მზადყოფნა, რომ ამ საკითხებზე ვითანამშრომლოთ", - განაცხადა ფანჯიკიძემ.