უგულავას სარეზერვო ფონდმა 5 მილიონამდე ლარი აითვისა

უგულავას სარეზერვო ფონდმა 5 მილიონამდე ლარი აითვისა

ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა (IDFI) თბილისის მერის სარეზერვო ფონდიდან გამოყოფილი და გადარიცხული თანხების შესახებ ინფორმაცია გამოითხოვა.

„როგორც მიღებული დოკუმენტაციიდან ირკვევა, 2012 წლის 1 იანვრიდან 2013 წლის 15 აპრილამდე თბილისის მერის სარეზერვო ფონდიდან ათვისებულია 4 734 342 ლარი. აღნიშნული თანხიდან თბილისის მერის მიერ გამოცემული განკარგულებებით 96 720 ლარით დაფარულია 2011 წელს სხვადასხვა მოქალაქეებისთვის ფინანსურ დახმარებებზე დარჩენილი ვალდებულებები. დანარჩენი თანხის (4 637 622 ლარი), რომელიც დაიხარჯა უშუალოდ 2012 წლის 1 იანვრიდან 2013 წლის 15 აპრილამდე პერიოდში, უდიდესი ნაწილი 85% (3 927 945 ლარი) გახარჯულია 2012 წლის ოქტომბრის თვემდე.

განსაკუთრებით გამორჩეულია 2012 წლის აგვისტოს თვე, რომლის განმავლობაშიც სარეზერვო ფონდიდან გადარიცხულმა თანხებმა 1 395 338 ლარი შეადგინა. აგვისტოს თვეში გადარიცხული თანხების სიდიდე ძირითადად განაპირობა სტიქიური მოვლენების შედეგების სალიკვიდაციოდ დაზარალებული მოსახლეობისათვის დახმარების გასაწევად გამოყოფილმა 984 706 ლარმა. ჯამში 1517 განკარგულებით სულ დაფინანსდა დაახლოებით 1600 პირი. თითოეულ ადამიანზე გამოყოფილი თანხა განსხვავებულია თავისი მოცულობით, მაგალითად მკურნალობასთან დაკავშირებით, გვხვდება როგორც მცირე ფინანსური დახმარება ასევე მსხვილი ტრანშები (ერთ-ერთ მოქალაქეს გერმანიაში მკურნალობისათვის ორ ეტაპად გამოეყო 193 957 ლარი)“, - აცხადებენ IDFI-ში.

IDFI-ში აღნიშნავენ, რომ საპარლამენტო არჩევნების შემდგომ მნიშვნელოვნად შემცირდა თბილისის მერის სარეზერვო ფონდიდან თანხების გამოყოფა. მაგალითად 2013 წლის თებერვალში თბილისის მერის სარეზერვო ფონდიდან გადარიცხულია მხოლოდ 3 600 ლარი. საპარლამენტო არჩევნების შემდგომ ყველაზე დიდი თანხა (387 160 ლარი) ათვისებულია 2013 წლის მარტში, რომლის უდიდესი ნაწილი 375 560 ლარი მოხმარდა ავეჯის სავაჭრო ცენტრის „საბას“ ტერიტორიაზე ხანძრის შედეგად დაზარალებული მეწარმეების ფინანსურ დახმარებას.