ვიქტორ დოლიძე:  რეზოლუციაში ვანო მერაბიშვილთან დაკავშირებით განსაკუთრებული ჩანაწერი არ არის

ვიქტორ დოლიძე: რეზოლუციაში ვანო მერაბიშვილთან დაკავშირებით განსაკუთრებული ჩანაწერი არ არის

ეუთოში საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის ხელმძღვანელი ვიქტორ დოლიძე ეუთოს ასამბლეის დღევანდელი რეზოლუციით კმაყოფილია. 

როგორც "ინტერპრესნიუსს" დოლიძემ განუცხადა, მიღებულია ძალიან კარგი რეზოლუცია, რომელშიც ვანო მერაბიშვილთან დაკავშირებით "განსაკუთრებული ჩანაწერი" არ არის.

"ჩვენ ამას ძალიან ადეკვატურად ვაფასებთ. ჩვენ ღია ვართ, რომ ისინი ჩამოვიდნენ და დააკვირდნენ სიტუაციას საქართველოში და ნახონ, რომ შერჩევით სამართალს ადგილი არ აქვს. ჩვენ მათ ავუხსენით, რომ საქართველოში შერჩევითი სამართალი დასრულდა. ის სიბინძურე და ტერორი, რაც ხორციელდებოდა, აღარ არის. არავითარი განსაკუთრებული ამაზე რეზოლუციაში არ ჩაწერილა. ამბობენ, რომ შერჩევით სამართალს არ უნდა ჰქონოდა ადგილი, შეშფოთებას გამოთქვამენ წინასწარ პატიმრობაზე და არა იმაზე, რატომ დააპატიმრეს, რადგან ვერდიქტი გამოტანილი არ არის. განსაკუთრებული არაფერი წერია, კანდელაკი სწორს და კარგს რას იტყვის?" - განაცხადა დოლიძემ.

მისივე ინფორმაციით, რეზოლუციაში აისახა მნიშვნელოვანი 14 დამატებაც, რომელიც ქართულ დელეგაციას ჰქონდა.

როგორც ვიქტორ დოლიძემ აღნიშნა, ისინი დეოკუპაციას და იძულებით გადაადგილებულ პირთა უპირობო დაბრუნებას შეეხება.

"ერთ-ერთი პუნქტში წერია, რომ ეუთო მიესალმება ქვეყანაში მიმდინარე საკონსტიტუციო ცვლილებებს, რომლითაც ქვეყანაში პოლიტიკურ ძალთა ბალანსი დამყარდა და პრემიერს უპირობო უფლებები ჩამოერთვა. ეუთო ასევე მიესალმება სასამართლო რეფორმას, რომ სასამართლო გათავისუფლდა წნეხისგან. რეზოლუციაში დიდი ხანია, არ ყოფილა ეთნიკური წმენდის პასაჟი და ესეც გაითვალისწინეს. საუბარია საქართველოში ეუთოს მისიის აღდგენის აუცილებლობასა და ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერაზე. ძალიან კარგი რეზოლუციაა და ეს საკითხები ჩვენთვის ბევრად მნიშვნელოვანია, ვიდრე ის, რას იტყვის კანდელაკი მერაბიშვილზე", - აღნიშნა დოლიძემ.