კახა კახიშვილი:  მიხეილ სააკაშვილს საპრეზიდენტო არჩევნების თარიღის შეცვლა მოუწევს

კახა კახიშვილი: მიხეილ სააკაშვილს საპრეზიდენტო არჩევნების თარიღის შეცვლა მოუწევს

საარჩევნო საკითხებში ექსპერტი კახა კახიშვილი "საარჩევნო კოდექსის" მე-6 მუხლის მოთხოვნის გათვლისწინების აუცილებლობაზე საუბრობს და აცხადებს, რომ მიხეილ სააკაშვილს საპრეზიდენტო არჩევნების თარიღის შეცვლა მოუწევს. როგორც კახიშვილმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განმარტა, "საარჩევნო კოდექსის" მე-6 მუხლში დაწერილი მოთხოვნის შესრულება მნიშვნელოვანია როგორც კანონის უზენაესობის პრინციპის დაცვის თვალსაზრისით, ასევე უცხოეთში მცხოვრები ქართველი ემიგრანტებისათვის, რათა მათ არჩევნებში მონაწილეობა შესძლონ. 

"ძალიან უცნაურია იმ ადამიანების განმარტებები, რომლებიც ამბობენ, რომ მთავარია არჩევნები ნორმალურად ჩატარდეს და მნიშვნელობა არა აქვს ის ორი-სამი დღით ადრე გაიმართება, თუ - გვიან. "საარჩევნო კოდექსი" ორგანული კანონია და ის პირდაპირ ამბობს, რომ საპრეზიდენტო არჩევნები სამუშაო დღეებში არ უნდა გაიმართოს, ანუ ის უნდა ჩატარდეს ოფიციალურად უქმე დღეებში - შაბათს ან კვირას. ამ შემთხვევაში, არავითარი მნიშვნელობა არა აქვს იმას, რომ თავის დროზე, კანონში ეს ნორმა კონსტიტუციის ჩანაწერის გამო ჩაიდო. "საარჩევნო კოდექსის" მე-6 მუხლი მოქმედებს, ის ძალაშია და საჭიროა მისი გათვალისწინება", - განაცხადა დღევანდელ პრესკონფერენციაზე კახა კახიშვილმა.

მისი თქმით, თავად "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლების მხრიდანაც გაკეთდა განმარტება, რომ საპრეზიდენტო არჩევნების დანიშვნა საჭიროა შაბათ ან კვირა დღეს.

გარდა ამისა, როგორც კახიშვილმა განაცხადა, არასამთავრობო სექტორის მხრიდან პრეზიდენტის სახელზე გაიგზავნა მიმართვა, სადაც საუბარია არჩევნების თარიღის შეცვლაზე.
საპრეზიდენტო არჩევნები 31 ოქტომბერს, ხუთშაბათ დღეს გაიმართება.