გიგი უგულავას საქმეზე ჯოზეფ ქეი დაიკითხება

გიგი უგულავას საქმეზე ჯოზეფ ქეი დაიკითხება

ჯოზეფ ქეი, რომელიც გიგი უგულავას სისხლის სამართლის საქმეზე ბრალდების ერთ-ერთი მთავარი მოწმეა, მოსამართლის გადაწყვეტილებით, საქმის არსებითი განხილვისას დაიკითხება. 

ჯოზეფ ქეის და კიდევ რამდენიმე პირის დაკითხვის წინააღმდეგი გიგი უგულავას მხარე იყო. მათ სასამართლოში შუამდგომლობა დააყენეს, რომ დაუშვებლად ეცნოთ ჯოზეფ ქეის, გიორგი ისაკაძის, ნინო ბაქრაძის, პაატა სირაძისა და კიდევ ორი პირის დაკითხვა. ამის თაობაზე საქალაქო სასამართლოში მიმდინარე წინასასამართლო სხდომაზე გიგი უგულავამ ისაუბრა.

როგორც უგულავამ აღნიშნა, გიორგი ისაკაძეს და პაატა სირაძეს ჩვენებები პროცესუალური დარღვევებით მიაცემინეს. კერძოდ, გიგი უგულავას თქმით, გიორგი ისაკაძე, რომელიც ბრალდებულია "ქართუს" საქმეზე ე.წ. მოდულში წაიყვანეს, შემდეგ უკანა კარიდან ფინანსურ პოლიციაში გაიყვანეს და ჩვენება ისე მიაცემინეს.

რაც შეეხება სირაძეს, უგულავას ინფორმაციით, ის გვიან ღამით დაკითხეს, რისი საჭიროებაც არ არსებობდა. მისივე ინფორმაციით, სირაძეს დაკითხვის დროს დაეძინა. სწორედ აქედან გამომდინარე, დაცვის მხარე მოითხოვდა ჯოზეფ ქეის და კიდევ რამდენიმე ბრალდების მოწმის დასაკითხთა სიიდან ამოღებას, თუმცა საქალაქო სასამართლოს მოსამართლე მერაბ ჯორბენაძემ დაცვის მხარის აღნიშნული შუამდგომლობა დაუსაბუთებლად ცნო.

ამასთან, მოსამართლის გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა დაცვის მხარის შუამდგომლობა და დაუშვებლად იქნა ცნობილი ჯოზეფ ქეის სტამბულში დაკითხვის ოქმი.

როგორც ცნობილია, ჯოზეფ ქეის გიგი უგულავას სისხლის სამართლის საქმეში ჩვენება რამდენჯერმე აქვს მიცემული. ამ დროისათვის თბილისის საქალაქო სასამართლოში პროცესზე ტექნიკური შესვენებაა გამოცხადებული, რის შემდეგაც, წინასასამართლო სხდომის ფარგლებში, სავარაუდოდ, საქმის არსებითი განხილვის თარიღი ჩაინიშნება.

დღევანდელ პროცესს თავად ბრალდებული გიგი უგულავა, ასევე საკრებულოსა და მერიის მაღალჩინოსნები და გიგი უგულავას ოჯახის წევრები ესწრებიან.