გიორგი კანდელაკი:  ეუთოს საპარლამენტო ასამბლეა ვანო მერაბიშვილის პატიმრობაზე შეშფოთებას გამოხატავს

გიორგი კანდელაკი: ეუთოს საპარლამენტო ასამბლეა ვანო მერაბიშვილის პატიმრობაზე შეშფოთებას გამოხატავს

ეუთოს საპარლამენტო ასამბლეა გამოხატავს შეშფოთებას ყოფილი პრემიერ-მინისტრის და სავარაუდო საპრეზიდენტო კანდიდატის წინასწარი პატიმრობის თაობაზე , - ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" წევრი, დეპუტატი გიორგი კანდელაკი "ფეისბუქში" საკუთარ გვერდზე წერს. 

კანდელაკის ინფორმაციით, ამის შესახებ ნათქვამია რეზოლუციაში, რომელიც ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პლენარულ სესიაზე ცოტა ხნის წინ დაამტკიცეს.

"ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პლენარულმა სესიამ ერთხმად დაამტკიცა შესწორება რეზოლუციაში "ჰელსინკი+40" შემდეგი შინაარსით:

152. იხსენებს რა მონაკოში 2012 წელს მიღებულ რეზოლუციას "საქართველოში სიტუაციის შესახებ" და მიესალმება რა ისტორიაში პირველ ხელისუფლების გადაცემას არჩევნების გზით, ასამბლეა ხაზს უსვამს კანონის უზენაესობის მნიშვნელობას და მოუწოდებს საქართველოს მთავრობას, თავი შეიკავოს შერჩევითი სამართლის გამოყენებისგან და გამოხატავს შეშფოთებას ყოფილი პრემიერ-მინისტრის და სავარაუდო საპრეზიდენტო კანდიდატის წინასწარი პატიმრობის თაობაზე", - აცხადებს კანდელაკი.

დეპუტატის ინფორმაციით, შესწორების წინააღმდეგ პლენარულ სხდომაზე არავინ წასულა, მათ შორის არც ქართული დელეგაციის თავმჯდომარე ვიქტორ დოლიძე.

"არანაკლებ მნიშვნელოვანია ის, რომ შესწორებას მხარი დაუჭირა ამერიკის დელეგაციამ, რომელიც ასამბლეაზე, როგორც კონგრესმენებით, ისე სენატორებით არის წარმოდგენილი. მათ შორისაა სენატორი კარდინი, "მაგნიტსკის აქტის" ავტორი", - აღნიშნავს კანდელაკი.