ევროკავშირი და მსოფლიო ბანკი დევნილებს ფინანსურ დახმარებას გაუწევს

ევროკავშირი და მსოფლიო ბანკი დევნილებს ფინანსურ დახმარებას გაუწევს

იძულებით გადაადგილებულ პირთა ეკონომიკური აქტივობისათვის საქართველოში ევროკავშირი და მსოფლიო ბანკი წელს ფინანსურ დახმარებას გამოყოფს. 

მერაბ ბერძენიშვილის კულტურის საერთაშორისო ცენტრ "მუზაში" მსოფლიო ბანკისა და დევნილთა სამინისტროს მიერ ერთობლივი ღონისძიება გაიმართა.

მსოფლიო ბანკმა წარმოადგინა ახალი ანგარიში "საქართველოში დევნილთა შემოსავლის წყაროების მხარდამჭერა, არსებული პრაქტიკის მიმოხილვა და მიღებული გაკვეთილები".

სემინარს ესწრებოდნენ სამოქალაქო საზოგადოებისა და დონორი ორგანიზაციების წარმომადგენლები, ლტოლვილთა მინისტრი დავით დარახველიძე ასეე მსოფლიო ბანკის სოციალური განვითარების უფროსი სპეციალისტი ჯოანა დე ბერი და სხვა პირები.

სემინარზე გამოფენილია იმ პროექტების ამსახველი ფოტო მასალა, რომლებიც საერთაშორისო და დონორმა ორგანიზაციებმა დევნილთა შორის ეკონომიკური საქმიანობის სახით განახორციელეს. ფოტოებზე ასახულია კერძო და მცირე ბიზნესის მქონე დევნილები და მათი საქმიანობა.

როგორც ჟურნალისტებთან საუბრისას მინისტრმა დავით დარახველიძემ განაცხადა, მსოფლიო ბანკმა დევნილთა შორის განახორციელა კვლევა იძულებით გადაადგილებულ პირთა შორის შემოსავლების წყაროების ხელმისაწვდომობასთან დაკავშირებით.

ანგარიშის მიზანია ხელი შუწყოს დევნილთა საცხოვრებელი პირობების უზრუნველყოფის შესახებ სტრატეგის შემუშავებას და მათი ეკონომიკური შესაძლებლობების გაუმჯობესებისათვის ინვესტიციების ზრდას.

მინისტრმა აღნიშნა, რომ დევნილებისათვის ევროკავშირისა და მსოფლიო ბანკის დაფინანსება გაგრძელდება. მისი თქმით, ამ სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის ჩამოყალიბების შემდეგ, ევროკავშირი დევნილებისათვის გამოყოფს 5 მილიონ ევროს, ხოლო მსოფლიო ბანკი 2 მილიონ დოლარს. აღნიშნული თანხა დევნილთა მცირე და საშუალო ბიზნესის წარმოებისთვის პროექტებს მოხმარდება.

მსოფლიო ბანკის წარმომადგენელმა ჯოანა დე ბერიმ ჟურნალისტებთან საუბარში აღნიშნა, რომ დევნილთა შორის შემოსავლების წყაროების შესახებ კვლევა ბოლო 6 თვის განმავლობაში ჩატარდა. მისივე თქმით, დევნილთა განსახლებასთან დაკავშირებით პროგრამები საქართველოში საკმაოდ განხორციელდა, ახლა კი დროა, რომ მოხდეს ისეთი პროექტების განხორციელება, რომლებიც დევნილთა მდგომარეობას გააუმჯობესებს.