Mein Kampf – გადამწყვეტი ბრძოლა საქართველოსთვის (რეალობასთან ძალიან მიახლოებული მოდელირება)

Mein Kampf – გადამწყვეტი ბრძოლა საქართველოსთვის (რეალობასთან ძალიან მიახლოებული მოდელირება)


(სამობილიზაციო სხდომის სტენოგრაფიული ჩანაწერი)

კანცელარიის დარბაზი. ერის ასამდე რჩეული. დარბაზში სიჩუმეა. ჟღერს ნაციონალური ჰიმნი – „დარია თუ ავდარია“…

გაღიმებული ბელადი ტრიბუნაზე ადის და ისტორიულ შეხვედრას იწყებს:

- თანამებრძოლნო!

უკვდავი პარტიის ლეგიონერებო!

დემაგოგიის სწორუპოვარო ლექტორებო!

ზონდერ-ბრიგადირებო, სოდელებო და კუდელებო!

საქართველოს ჩამოუშლელი ხელისუფლების ყველაზე ერთგულო შვილებო!

- თქვენი დაუძინებელი ბელადი მოგმართავთ თქვენ!

არასოდეს არ გვქონია ისეთი სერიოზული გამოცდა, როგორიც წინ გველის!

მტერი არამარტო განუზომლად მდიდარია, არამედ ვერაგიც! ის ცდილობს იმ ტერიტორიაზე შეგვებრძოლოს, სადაც ჩვენ – ჩვენი დახვეწილი და მრავალნაცადი სისტემის წყალობით, – ყოველთვის წინასწარ გამარჯვებულები ვიყავით! მას უნდა, არჩევნები მოგვიგოს. ჩვენი მიზანი უნდა იყოს, მოვახერხოთ და გადავაგდოთ მტერი ქუჩის აქციების ფრონტზე და შემდეგ ჩვეული მეთოდებით დავამარცხოთ, გავსრისოთ და მივაკეროთ რუსეთის და კრემლის აგენტების ის იარლიყები, რომლებიც 2006 წლიდან გვაქვს ათასობით დამზადებული და შენახული ეროვნული ბანკის სავალუტო საცავებში…

სამწუხაროდ, საგარეო ფაქტორები ისე ვითარდება, რომ ჩვენი მოკავშირეები ყველგან უკანა პლანზე არიან გადასროლილები და მათ მაგიერ უნიათო, რუსების მლოკავი საცოდავი პოლიტიკანები მძლავრობენ. მაგრამ გარწმუნებთ, ჩვენი საბოლოოდ გაწირვა მათაც კი არ მოუვათ თავში აზრად – სხვა ვინ გაუგზავნით ასე უხვად საზარბაზნე ხორცს?! სხვა ვინ დაუდგამს მათ ყოფილ პოლიტიკოსებს ძეგლებს? სხვა ვინ იქნება რუსეთის წინააღმდეგ ყველა აქციის ასეთი ერთგული შემსრულებელი და თავის თავზე დარტყმების მიმღები, თუ არა საქართველო? ჩვენი – ნაცმოძრაობის – საქართველო!

ნუ შედრკებით, ჩემო ერთგულო ცერბერებო! ჩვენ დიდი გამარჯვებები გველის წინ. ნაციონალური მოძრაობა, როგორც ფენიქსი, აღდგება და ისევ მოიხვეჭს ძლევამოსილ გამარჯვებებს შინ და გარეთ! დედას და ბებიას ვფიცავარ, ჩვენი დიადი ბატონობა და საქართველოს მესაჭეობა 100-წლოვანი იქნება და ათასწლეულებს გასწვდება ჩვენი დიდება!

მინდა გაგანდოთ გეგმა, რომელიც ჩვენმა პარტიის რუხმა კარდინალმა ლევან რამიშვილმა, ნაციონალური მოძრაობის უსაფრთხოების მწონავმა გიგა ბოკერიამ, იუსტიციის მინისტრმა ბატონმა ზურა ადეიშვილმა და მე, თქვენმა ბელადმა, შევიმუშავეთ. ბატონი ვანო მერაბიშვილიც გვესწრებოდა, რა თქმა უნდა, როცა კი შეძლო…

შევიმუშავეთ სამი მიმართულება – შეტევითი, თავდაცვითი და მედიის. ყველა მიმართულებას მე ვუხელმძღვანელებ! ასე აჯობებს! ქვეყნისთვის, პარტიისთვის და ჩემთვისაც!

შეტევითი მიმართულება რამდენიმე ვექტორს მოიცავს:

1) ჩვენი ეროვნული გმირები – დათა და ბაჩო ახალაიები ქმნიან ე.წ. ახალ ნებაყოფლობით რეზერვს, რომლის ბირთვი უკვე გადის წვრთნებს სამეგრელოს ტყეებში. იარაღის ნაწილი დარიგებული აქვთ. დივიზიის მეთაურად დავნიშნე დავით შენგელია, რომელმაც ერთგულების ფიცი მოგვცა. თუმცა ერთგულების ფიცის გარეშეც ვერ გაბედავს ვერაფერს, თორემ დაბრუნდება ოცწლიანი „სროკის“ მოსახდელად. მე მივეცი ბრძანება ფინანსთა მინისტრს და უკვე მოინახა ბიუჯეტში 45 მილიონი ლარი ამ ახალი ძალოვანი უწყების დასაფინანსებლად. სამეგრელოს სარეზერვო დივიზიის მიზნებში შედის სამეგრელოს მასშტაბით „ქართული ოცნების” ნებისმიერი პოლიტიკური აქტივობის ძირშივე ჩახშობა და ლიდერებთან გასწორება. მოქმედება ძირითადად ღამით უნდა ხორციელდებოდეს. სამეგრელო ჩვენი ვანდეა უნდა გახდეს! ვერავინ ვერ უნდა ბედავდეს სამეგრელოში ნაციონალური მოძრაობის წინააღმდეგ ხმის ამოღებას. სამეგრელო უნდა გახდეს პოლიგონი იმისთვის, რასაც შემდეგ ბათუმში, ქუთაისში, თელავში, თბილისში განვახორციელებთ.

2) ანალოგიურად იმოქმედებს უფრო მცირე მოცულობის ზონდერბრიგადები გორში – ბასიშვილის, თბილისში – ნიკა რურუასი, ბათუმში – მაიმუნასი, სიღნაღში – ადეიშვილის სახელობის. მათ კოორდინაციას ბატონი გია უდესიანი განახორციელებს, რომლის გამოცდილებას და დაუნდობლობას ბოლომდე ვენდობი. მათ შედარებით უფრო დამზოგველ რეჟიმში მოუწევთ მუშაობა. თუმცა გორის რაიონში თუ ლტოლვილები ამოიღებენ ხმას, ურტყით ბოლომდე! გადავყევი ამ უპატრონოებს – ასეთი ფანტასტიური სახლები ავუშენე, ერთი წელი დენის ფულს ვუხდიდი! მეტი რა ჯანდაბა უნდათ? რატომ არ არიან მადლიერნი? მოკლედ ამოვიდა ყელში მაგათი უმადურობა – ვაცხადებ ნულოვან ტოლერანტობას ლტოლვილებზე! ჩვენ უნდა მოვახერხოთ ლტოლვილების საბოლოდ ელარჯივით ამოზელა მორჩილ და მუნჯ მასად!.. – ხელისუფლების უპირობო მხარდამჭერებად! ლტოლვილი უნდა იყოს ადამიანი, რომელიც 100%ით დამოკიდებულია საქართველოს ერთიან ნაციონალურ მოძრაობაზე და რომელიც მონურად უნდა იყოს ჩვენი მორჩილი!.. ისეთ დღეში უნდა ჩავაგდოთ თითოეული ურჩი, რომ მართლა ფოცხოეწერის მიწის ჭამა მოენატროთ!.. ამ სამუშაოების დასაფინანსებლად მე უკვე ველაპარაკე მერი უგულავას და მან 14 მილიონით შეამცირა განათლების და ჯანდაცვის ხარჯები. სწორედ ეს დაზოგილი თანხა წავა ზონდერბრიგადების ახალი კადრების რეკრუტირების და წახალისებისათვის! გაზარდეთ ერთ სულ ნაცემზე პრემიის მოცულობა, ხოლო თუ ვინმე „ჩავარდება“ და ჟურნალისტები დააფიქსირებენ – პირიქით, გარიცხეთ ზონდერბრიგადიდან და ბანკში წინასწარ დაგირავებული სახლი გააყიდინეთ! უდესიანს ეგ ოპერაციებიც კარგად აქვს ათვისებული.

3) ბატონი ვანო მერაბიშვილის ფუნქცია იქნება ძალის ტოტალური დემონსტრაცია, განსაკუთრებით თბილისში. ოღონდ მშვიდად და ექსცესების გარეშე! ყველგან, სადაც კი მოხდება ჩვენი მოწინააღმდეგეების შეკრება, უნდა მოხდეს პოლიციის და სპეცნაზის დემონსტრირებაც – სამხედრო აღჭურვილობით – იყონ კარაბინერებივით აღჭურვილი, – ავტომატებით, ჩაჩქანებით… გამოიყვანეთ სპეცნაზის ნაწილები – იგივე ძაღლების კამუფლიაჟით, როგორც 7 ნოემბერს, რომ მეხსიერება აღუდგეთ… იმ ოლიგარქის ყრილობის დღეს დააყენეთ ფილარმონიასთან სამხედრო ტექნიკის რამდენიმე ერთეული და წყლის ჭავლიანი მანქანებიც, რომ ყველა მომსვლელმა შიში იგრძნოს! ჩვენ უნდა დავთესოთ შიში! გაავრცელეთ ხმები, რომ მოსალოდნელია ყრილობის დარბევა! რამენაირად უნდა შევძლოთ, რომ ძალიან ცოტა ხალხი მოუვიდეთ ყრილობაზე. დარბაზი თუ არ შეივსება – ძალიან კარგი იქნება, მაგრამ თუ შეივსო, ის მაინც უნდა მოვახერხოთ, რომ ქუჩაში არავინ იყოს. ამავე დროს – არავითარი ისეთი ზეწოლა, რასაც ვინმე დააფიქსირებს. ფსიქიური შეტევა უნდა განახორციელოთ მხოლოდ. არ გაბედოთ, რომ ვინმეს რამე გაუკეთოთ და ეგ არაკონტროლირებადმა მედიამ დააფიქსიროს! ეხლა ეგ მაკლია, კიდე ელჩები ესტუმრონ – უკვე საავადმყოფოში – მაგათ დაჭრილებს! დაიმახსოვრეთ, სხვა რეალობაა! ექს-პრემიერ-მინისტრს რომ ვურტყით და შეგვრჩა იმ პირის მოუძებნელობა, ეხლა ასე არ გამოვა. ვინც ჩავარდება, იძულებული ვიქნებით დავაკავოთ და სულ რო მელნიკოვის რანგის დამსახურება ჰქონდეს – გავასამართლოთ! პირიქით, დაგეგმეთ პროვოკაციები, რომ ვინმემ სპეცნაზს ქვა ან ბოთლი ესროლოს. ამაზე დაიჭირეთ ვინმე! აჯობებს, თუ დაჭერილი ტერორისტი რუსული გვარის იქნება. ორ კურდღელს დავიჭერთ… ვანო, რამე არ წაგცდეს და არ შეგეშალოს, თორემ ცოლთან ერთად სვანებს გადაგცემ… გეხუმრე, რა თქმა უნდა!…

4) შეგზავნეთ ხალხი მოწინააღმდეგეთა ბანაკში. არა აქვს მნიშვნელობა, ვინ რა ინფორმაციას მოახერხებს, გამოიტანოს. მთავარია, რომ შეგზავნოთ. თუ გამოაშკარავდებიან, ეგეც არაა ცუდი! ამით იმასაც მოვახერხებთ, რომ ყველა ახალმოსულის მიმართ უნდობლობა ექნებათ…

5) ბანკის დაძირვა არ გამოდის! არავინ არ მირჩევს! ცუდი რეზონანსი იქნებაო… მთელი საბანკო სექტორი მიჰყვებაო! არადა, არ ვარ დარწმუნებული… რა ვიცი, ბადრის დროს კი უმტკივნეულოდ გადავყლაპეთ… არც არავინ შექანებულა სხვები!.. კახი კალაძე ამოიღეთ ყველა რეკლამიდან! შორენა ბეგაშვილმა თქვას, რომ კახის აძლევდა… გაავრცელეთ ხმები, რომ კახი საქართველოშიც და იტალიაშიც თამაშებს ყიდდა! ჩაჯექით ორივე ბანკში და ყველა გადარიცხვა აკონტროლეთ, ეცადეთ, ეგებ გაყიდონ… ვინმე მყიდველი მიუგზავნეთ. იქნება ფრანგებს მიყიდოს – „სოსიეტე ჟენერალს“, მაგალითად … ეს მაგის ბანკი ძაან მანერვიულებს… ფულის ონკანი რომ დამაკეტინა, ის მინდა… შეიძლება მაინც მოგვიწიოს ბანკის დაკეტვა, დროებით მაინც… რომ არაფერი ითქვას, იქნებ რამდენიმე ჩვენიანი ბანკიც მივაყოლოთ. ნიკა, უთხარი შენ ძმას, რომ სულ ერთი კვირით დავკეტავთ, ვითომ წყალგაყვანილობა გასკდა ახალ ოფისში, უცხოელებს კო ვეტყვით, რომ სიტიბაკიდან და დოიჩე ბანკიდან ფულის გათეთრების საქმეს ვსწავლობთ… შენ კიდე, რაიმე მოიფიქრე, შე ჩემა, ეროვნული ბანკის დირექტორი ხარ თუ გააზნაურებული მდაბიო!

6) კოდუას გამოყენებაზეც ვფიქრობ… ძაანაც არ უნდა გავმეორდეთ… თუმცა, იქნებ გამოვიყენოთ კიდეც… მაგ ოჯახში ბევრნი არიან… უკვე დავიწყე გიორგისთან მუშაობა, მაგრამ ალბათ არ ჩაყლაპავენ ამ ანკესს…

7) როცა არჩევნები ჩატარდება, მე საზღვარგარეთ ვიქნები და დავით ბაქრაძე და ახალაია რამდენიმე დღით სამხედრო მდგომარეობას გამოაცხადებენ. მიზეზი მოინახება. ბოლო-ბოლო გორიდან 1-2 გასროლას განვახორციელებთ ცხინვალის მიმართულებით, რუსების რამდენიმე ტანკის გადმოსვლა საკმარისი საბაბი იქნება. ზურას მანამდე უკვე 1 მილიონი ახალი პირადობის მოწმობა ექნება დაბეჭდილი, ხოლო ვანოს – 1 მილიონი წინასწარ შემოხაზული ბიულეტენი ჩაყრილი ყუთებში… გიგის თავისი მდედრიონის მობილიზაცია არ გაუჭირდება. არა მგონია, დიდი ხმაური ატყდეს. ბოლო-ბოლო საზღვარგარეთაც რაიმეს გავითამაშებთ, ლონდონში ვინმე მესვრის… და ყველას ვეტყვით, რომ რუსეთს ისევ უნდოდა regime change! მთავარია, ეკლესიის ნეიტრალიზაცია მოხერხდეს. ამაზეც ვიმუშავებთ, სოსოს ჰყავს ხალხი, ვისთანაც მუშაობს. შენი იმედი მაქვს, სოსო… შვილი გაიხსენე…

თავდაცვითი მიმართულების კოორდინატორად ვნიშნავ ბატონ გია ნოდიას. ბატონი გია თავით ფრჩხილებამდე ჩვენი ერთგულია, ფილოსოფოსი კაცია და დასავლეთში სერიოზული ექსპერტის რეპუტაცია აქვს. მასზე ვერ იტყვიან, ნაცმოძრაობის წევრიაო. ბატონი გია ლევან რამიშვილზე იქნება მიმაგრებული. აქ ხუთი ვექტორი გვექნება, სავარაუდოდ:

ა) უნდა გავაძლიეროთ რამდენიმე თემა – ოჯახური ძალადობა,ბავშვებზე ძალადობა, რელიგიური ტოლერანტობა, სექსუალური უმცირესობები. უნდა ჩავატაროთ რამდენიმე დიდი კონფერენცია ამ საკითხებზე, უნდა დავბეჭდოთ ამ კონფერენციების ანგარიშები. ჩამოვიყვანოთ ბიბისი და ლარი კინგი… მოვიწვიოთ უცხოელი ექსპერტები და ყველგან უნდა ვილაპარაკოთ, რომ სწორედ ამ რამდენიმე საკითხის გადაჭრაღა დაგვრჩა დემოკრატიის პრინციპების სრულ ზეიმამდე საქართველოში!

ბ) აუცილებელად უნდა გავაძლიეროთ კონტაქტები იმ უცხოელ ექსპერტებთან, რომელთაც რუსეთთან გადატვირთვა არ მოსწონთ – ჯეიმსთაუნ ფაუნდეიშენი მარტო ვლადიმერ სოკორი ხომ არ არის? რადგან რონ ასმუსი აღარ გვყავს, ხელები უნდა ჩამოვუშვათ? მონახეთ ვინმე ამბიციური ახალგაზრდები, ვინც სიამოვნებით დაწერდა რაიმე წიგნს რუსეთის საშინელ რეჟიმზე და იმპერიის მოახლოებულ კრახზე. აუცილებელია ასეთი ხალხის გვერდში ამოყენება. ჩამოვიყვანოთ, ვაზიაროთ ჩვენს სუფრას… ვინმე შევრთოთ… ამაში თუ საჭიროა, მეც დაგეხმარებით… ვაჩუქოთ ქორწილზე ბეჭედი, ახალი პორშე, ბინა ბათუმში… ასე უნდა ვეძებოთ კადრები! კადრები წყვეტენ ყველაფერს!

გ) ამოსაწევია ის მდიდარი რესურსი, რაც ქალბატონ მანანა გამსახურდია-არჩვაძეს გააჩნია. ახლა, როცა კოკო აღარ გვყავს თბილისში, ქ-ნი მანანა გამოვიყენოთ! შეხვდით ამ ქალს, ოღონდ მაინცდამაინც რურუას ნუ შეახვედრებთ… შეახვედრეთ ეკა ხერხეულიძე, ხათუნა ოჩიაური, სევდია უგრეხელიძე – სხვა სერიოზული ადამიანები. ჩავატაროთ რაიმე სერიოზული კონფერენცია თემაზე – „ზვიად გამსახურდია – საქართველოს სულიერი მესია“… რაა? მესია კი არა, მისია? ასე ერქვა წიგნს? ნუ წიგნს ისე ერქვა და ჩვენ კონფერენციას ასე დავარქვათ… მანანას გაუხარდება მესიის ცოლის სტატუსი… თუ საჭიროა, გურამ აბსნაძეც ჩამოვიყვანოთ! რას ჰქვია, არ ჩამოვა! ისეთ რამეს გავახსენებთ, ჩამოვა! ისიც… მივიყვანოთ ბოლომდე ის კოკოს გამოძიება. მაშინ ვერ მოვიფიქრეთ, ეს სერიოზული საქმე ვისზე დამთავრებულიყო და ახლა ყველაფერი აშკარაა, ვისზეც დამთავრდება!.. ზურა! ამ საქმეში შენ უნდა ჩაერთო… თქვენ გაქვთ ყველა მასალები, ჩაატარეთ რამდენიმე ექსპერტიზა, დაკითხეთ, ვინც საჭიროა… მალხაზ გულაშვილი არ დაგავიწყდეთ, ამ კაცს თანამშრომლობის სურვილი აქვს… უნდა, რომ დაგვეხმაროს და მივცეთ საშუალება.. სწორ გზაზე დავაყენოთ… აუხსენით, შეახსენეთ… მე დარწმუნებული ვარ, რომ იმ ტრაქტორებამდე, იმ ოლიგარქს ტანკებიც ექნებოდა გამოგზავნილი… სწორედ ეს უნდა ახსოვდეს გულაშვილს!.. შეახსენეთ თქვენებურად… ფოტოებს დონაძე მოგაწოდებთ, მაგას ყველას და ყველაფრის ფოტოები აქვს ფოტოშოფში… სასამართლო პროცესი ზუგდიდში აჯობებს!.. სამეგრელოსთვის მარტო მათრახი კი არ მემეტება! (იცინის სპეციფიური სიცილით). ეს პროცესი მეგრელებისთვის თაფლი იქნება! ნაცემარ ჭრილობებზე წასასმელი თაფლი (სიცილი დარბაზში, კობა ხაბაზის სოლო სიცილის თამადობით)

დ) ძალიან მნიშვნელოვანია საზღვარგარეთ მცხოვრები ჩვენი დიასპორის კეთილგანწყობა. ამ მიმართულებით პროგრესი შენელდა… ჩავატაროთ კონფერენცია ბათუმში, ჩამოვიყვანოთ ჩვენი ერთგული ექსპატრიატები. ისეთი პატივი ვცეთ, თავი სამოთხეში ეგონოთ! განსაკუთრებით ოთარ ზურაბიშვილის იმედი მაქვს! კარგი იქნება, თუ ილიას უნივერსიტეტი მას საპატიო დოქტორობას მიანიჭებს. მე დაველაპარაკები გიგის. სწორედ დიასპორამ უნდა იძახოს, რომ წინააღმდეგნი არიან რუსი ოლიგარქის! ამის ფონზე კარგი იქნება, თუ ხალხი მასიურად დაიწყებს იმ ოლიგარქისგან აღებული ფულის დაბრუნებას. სხვათაშორის, მე უკვე ველაპარაკე ექიმ თოდუას და ვფიქრობ, ის სწორ გადაწყვეტილებას მიიღებს ხვალისთვის. თუ არადა, ჩვენ მივიღებთ სწორ გადაწყვეტილებას!.. ზოგიერთებს დაავიწყდათ, რომ ჩვენგანაც აქვთ საჩუქრები მიღებული. ჰოდა, თუ იქეთ ვერ აბრუნებს ნაჩუქარ ფულს, ჩვენ დაგვიბრუნებს ნაჩუქარ შენობას! (სიჩუმე დარბაზში)… მოკლედ, ემიგრანტების კონფერენცია გვინდა. იქნებ, ემიგრანტების პარტიის დაარსებაზეც გვეფიქრა – რამე ისეთი, მოოპოზიციო პარტია რომ იყოს… შეუძლიათ ცოტა გვაგინონ კიდეც… საქმისთვის გვჭირდება…

ე) მოქალაქეობის საკითხი უნდა სერიოზულად დაამუშავო, გია ჩემო! ფილოსოფოსი კაცი ხარ, მოქექე არგუმენტები, პლატონიდან და სოკრატედან დაიწყე თხრა, იქნებ რამე პრეცედენტი იყო! ცისკარიშვილი შეგიძლია გამოიყენო, მაგას ჰქონდა კარგი არგუმენტი – ისრაელში რომ პალესტინის მოქალაქე ჩავიდეს და პარტია დაარსოს, რა მოუვაო! კეზერაშვილს დავურეკავ, იქნება ვინმე ებრაელი ექსპერტები ჩამოვიყვანოთ და ვალაპარაკოთ… მაგრამ ამ დამპალი ფუქსის და ფრენკელის გამო ებრაელებს ცხვირი აქვთ მაღლა აწეული…

მოქალაქეობას კი მაინც არ მივცემ! პატრიარქმა კი არა, სულაც რომის პაპმა რომ მთხოვოს! ბასტა!..

მიაშავეთ მის ცოლს მოქალაქეობა! ოღონდ ჯერ საჩივარი უნდა გამოიტანოს სასამართლოდან! ის დეგენერატი ვაშაძე მოაშორეთ რეესტრიდან, ამხელმა სირმა ის როგორ ვერ გაარკვია, მის ცოლს რა როდის ჰქონდა მიღებული… სწორი იყავი ვანო, სირიაო, რომ მეუბნებოდი შარშან! განცხადება დაწეროს და სადმე გრენლანდიაში სასწავლებლად გაუშვით!.. ეგ დეგენერატი, ეგა…

დაბოლოს, მედიის მიმართულება. აქ თენგო გოგოტიშვილი დაგვეხმარება კოორდინაციაში. ნატო დროებით მოიცდის, რადგან აქ თუ ვერ გავიმარჯვეთ, ვერც ნატოში შევალთ და ვერც – კატოში! (სპეციფიური, ნერვული სიცილი)

1. არცერთი არაკონტროლირებადი პრესის ჯიხური თბილისში!! არც ერთი!! მოვა დრო და ეს იქნება ჩვენი გამარჯვების საწინდარი… არჩევნების შემდეგ დღეს უეცრად გაითიშება „მაესტროც“ და „კავკასიაც“! ხოლო ჩვენს მიერ უკვე სრულად კონტროლირებად ჯიხურებში არ გაიყიდება არც „კვირის პალიტრა“, არც „რეზონანსი“, არც – „ლიბერალი“… უფრო სწორედ მათი მთელი ტირაჟი დილის 8 საათზე უკვე „გაიყიდება“ და აორთქლდება კიდეც! რა თქმა უნდა, იჩივლებენ, მაგრამ სანამ სასამართლო იქნება, ჩვენ ჩვენს გამარჯვებას გავინაღდებთ და წერენ და იკითხონ მერე.

2. თეფშების შესახებ გაუშვით ჩვენს სამივე არხზე სიუჟეტები, რომ სატელიტურ თეფშებს გამოსხივება აქვს და კიბოს და შიდსს იწვევს! მერე ერთ კვირაში აკრძალეთ თეშების შემოტანა და ამოიღეთ ყველა სატელიტური თეფში მოსახლეობიდან. რეგიონებში უნდა დავაყრუოთ და დვაბრმავოთ ხალხი! საბოლოოდ კი არჩევნების წინ „მაესტრო“ და „კავკასია“ თბილისშიც გაითიშება. „მაესტროს“ – ტექნიკურად გავთიშავთ. ანძიდან ეს მარტივია. ანძა უკვე ჩვენია. „კავკასიაზე“ მართლმადიდებლები მიიტანენ იერიშს, სწორედ არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე გამოვუშვებთ იმ დაპატიმრებულ მორწმუნეებს. კორიდის ხარებივით გამოვარდებიან… მანამდე კი ორივე ტელევიზიაზე უნდა ვიმუშავოთ – ჩვენი ხალხი უნდა ჩაინერგოს, გამოცდილი კადრები… რომ საჭირო მომენტში, თუ სიტუაცია დაიძაბება, ალაპარაკდნენ, რომ ტელევიზიის უფროსები აშანტაჟებდნენ და წნეხის ქვეშ ამუშავებდნენ, რომ ნახეს შავი ფულის გათეთრება… ოკულტიზმი ახსენეთ… ცაგარელი გამოაცხადეთ შავი მაგიის მაგისტრად… ღლონტი და აქუბარდია – მასონებად… ჩვენმა კადრებმა კი თქვან, რომ ნახეს ტელესტუდიებში როგორ მოდიოდნენ რუსეთის კგბ-ს ინსტრუქტორები… პანფილოვმა გადაიღოს თავისი საბუტილნიკები რამდენიმე… რუსული ინსტრუქციების ფოტოები დაგვჭირდება…რუბლები ჩადეთ მეშოკებში და დააგდეთ სადმე… ამერიკელებზე მაგარი ეფექტი ექნება, სოსოს ამოღებულ რუბლებს რომ გავშლით მაგიდაზე! რაღაც ეგეთი ამბები… თენგო, ისე უნდა იმუშავო, როგორც მაშინ, რუსის სალაგას ოქრის კოვზი რომ ამოუღე ჯიბიდან!… კოვზი – იქნება! თუ არ იქნება, თავად უნდა გქონდეს ჯიბეში! ტყუილად ხარ ამხელა ნატოს კოორდინატორი?! გაანძრიე თავი… ყველამ გაანძრიეთ თავები, თუ არ გინდათ, რომ დაგენძრეთ!

3. რაღაც უფრო კრეატიული სიუჟეტები უნდა მოვიფიქროთ. არ ჭრის უკვე ეს „რუსის აგენტი“ მხოლოდ. ამ კაცის ფსიქიკას უნდა დავარტყათ. ხომ ხედავთ ოჯახზე ლოცულობს! ჰოდა, სწორედ იქ უნდა დავარტყათ, რაზეც ლოცულობს. რაიმე რუსის ქალების ისტორიები უნდა მოვიფიქროთ. ზაზა გოროზია და გივი თარგამაძე ჩავრთოთ… რაღაც იმ მასშტაბის უნდა იყოს, როგორც მაშინ ასათიანზე რომ იყო… შემზარავი… თენგო, თუ გინდა, რომ ის დიდი კრედიტი დაფარო, უნდა გაინძრე! ისეთი რამე უნდა მოიფიქრო, რომ ოჯახში შხამი ჩაასხა… უნდა მიხვდეს, სად შემოდგა ფეხი… მის შვილებზე იმუშავეთ… არავითარი დანდობა! მოიფიქრეთ რამე – ავადმყოფობა, ფსიქიური გადახრები, ვამპირიზმი! საზოგადოებრივ არხს არ აწყენდა, ცოტა აკადემიზმი გვერდზე გადადოს და რეალ-ტივის სტილში იმუშავოს! თუ არ გინდათ, რომ ის ჩანთხლეული მილიონები უკან ამოგანთხევინოთ! გია და ლევან, პარსონის წაღებულ ფულსაც თქვენ დაგაბრუნებინებთ, თუ ვერ ივარგეთ, თქვე დედამ… თუ გინდათ, სტაჟირებაზე გაგიშვებთ არველაძესთან, ხო ხედავთ კაცი რაებს იგონებს!..

4. უნდა გახვიდეთ საერთაშორისო დონეზე! მოიწვიეთ ყველა, ვიზეც ხელი მიგვიწვდება! მონაკოს პრინცს კალმახელიძე დაურეკავს! მე ანდრე გლუქსმანს ჩამოვიყვან… ეკას დაურეკე ვანო, ზღულაძეს! ნემის ყუნწში გაძვრეს და მამამთილიც ჩამოიყვანოს და კიდევ სხვებიც!.. სარკოზი რომ ჩაფლავდება არჩევნებზე, მერე მაგასაც ჩამოვიყვან ოჯახთან ერთად! “პიკი” უნდა ავამუშავოთ… კოტრიკაძეს გავკარი …! ინგლისურ არხად უნდა გადავაკეთოთ „პიკი“! რა დროს კავკასიაა, თავს უნდა მივხედოთ!.. რამე თქვენც მოიფიქრეთ, თქვე იდიოტებო…


ნერვული სიცილი…

- სადაა წაიღეთ ჩემი ცხვირის წვეთები, თქვენი ახვარი დედა…!

ბელადი მოულოდნელად ტრიბუნიდან გარბის… დაცვა მისდევს… დარბაზში ჩოჩქოლია, ვიღაცას გული მისდის…

დაცვის უფროსი გარბის და მობილურში ჩაჰყვირის: ”ქალბატონო გიული, ჩქარა… ისევ გასქურა!.. მე-8 ვარიანტი გვაქვს!”…

ისევ ირთვება ჰიმნი:

„დარია თუ ავდარია…“