გიგი უგულავას საქმესთან დაკავშირებით წინასასამართლო სხდომა დაიწყო

გიგი უგულავას საქმესთან დაკავშირებით წინასასამართლო სხდომა დაიწყო

თბილისის საქალაქო სასამართლოში გიგი უგულავას საქმესთან დაკავშირებით წინასასამართლო სხდომა მიმდინარეობს. პროცესს თავად დედაქალაქის მერი გიგი უგულავაც ესწრება. მას პროცესის დაწყებამდე სასამართლოსთან ჟურნალისტებისთვის კომენტარი არ გაუკეთებია. 

გიგი უგულავას ადვოკატმა გოგიტა გაბაიძემ კი განაცხადა, რომ დღევანდელ სხდომაზე კიდევ ერთ შუამდგომლობას დააყენებს, თუმცა ადვოკატს არ დაუკონკრეტებია, რა შუამდგომლობით მიმართავს სასამართლოს.

დღევანდელ პროცესს მერიის თანამშრომლები, მათ შორის, რამდენიმე გამგებელი, ასევე გიგი უგულავას ახლობლები და ოჯახის წევრები ესწრებიან.

ამასთან, თბილისის მერიამ გუშინ განცხადება გაავრცელა, რომლის მიხედვითაც, სასამართლომ "უკანონოდ მოპოვებული მტკიცებულებების" საქმიდან ამოღების შესახებ უნდა იმსჯელოს, რისი შუამდგომლობაც გიგი უგულავას ადვოკატებმა წინა პროცესზე დააყენეს. პროკურატურა უგულავას შპს "თბილსერვისჯგუფში" 750 მოქალაქის დასაქმებასა და მათთვის ხელფასის გადახდას ედავება, ხოლო ტელეკომპანია "იმედის" საქმეზე - სხვისი ქონების მითვისებასა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციას, რაც, პროკურატურის აზრით, ტელევიზიის კანონიერი მესაკუთრე ჯოზეფ ქეისთვის ტელეკომპანიის ჩამორთმევაში გამოიხატა.

"პროკურატურის მიერ წაყენებული ბრალის დასამტკიცებლად წარმოდგენილი ძირითადი მტკიცებულებების უმრავლესობა გამოძიების მიერ მოპოვებულია საქართველოს კანონმდებლობის, ასევე საერთაშორისო კონვენციების უხეში დარღვევით და მათ იურიდიული ძალა არ გააჩნიათ. აქედან გამომდინარე, გიგი უგულავას ადვოკატებმა დააყენეს შუამდგომლობა საქმიდან კონკრეტული მოწმეების ჩვენებების ამოღებისა და სასამართლოში დასაკითხ პირთა სიიდან რამდენიმე მოწმის ამორიცხვის შესახებ, როგორიცაა, მოწმე ჯოზეფ ქეი, რომელმაც "შეძლო" და გამოძიებას 5 თვის შუალედში 600 სიტყვისგან შემდგარი ორი აბსოლუტურად იდენტური ჩვენება "მისცა". რაც შეეხება ზოგადად ჯოზეფ ქეის სანდოობას, ამის თაობაზე სასამართლოს წარედგინა ლონდონის, ფლორიდისა და გიბრალტარის სასამართლოების გადაწყვეტილებები, რომლებიც ასეთ დასკვნებს აკეთებენ - ბატონი ქეი ადამიანია, რომელსაც არ შეუძლია დამაჯერებელი პასუხები გასცეს შეკითხვებს, რომელზეც მას დასაბუთებული პასუხი უნდა ჰქონდეს; ბატონი ქეი ნამდვილად არ წარმოადგენს მოწმეს, რომელიც ამბობს სიმართლეს; ბატონი ქეისთვის სიმართლე ბურუსით მოცულია; ბატონი ქეი არის ადამიანი, რომლის განმარტებები სარწმუნო არ არის; ბატონი ქეი არის ადამიანი, რომელსაც აქვს სიცრუისადმი აშკარა მიდრეკილება. ასევე საინტერესოა, რომ მოწმე ნინო ბაქრაძემ, გამოძიებას მათთვის სასურველი ჩვენება მხოლოდ მეხუთე დაკითხვისას "მისცა" და მისი წინა 4 ჩვენება ამ უკანასკნელისგან არსებითად განსხვავდებოდა. საქმეში ასევე წარმოდგენილი არიან მოწმეები, რომლებიც გამოძიებამ კანონის დარღვევით, ღამის განმავლობაში დაკითხა", - აცხადებენ მერიაში.