ბიძინა ივანიშვილი - თანაინვესტირების ფონდის კაპიტალი შესაძლოა, 10 მილიარდამდე გაიზარდოს

ბიძინა ივანიშვილი - თანაინვესტირების ფონდის კაპიტალი შესაძლოა, 10 მილიარდამდე გაიზარდოს

თანაინვესტირების ფონდის კაპიტალი თუ სამი მილიარდი ლარი იყო გაცხადებული, დღეს ეს თანხა მინიმუმ ორჯერ არის გაზრდილი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა , ბიძინა ივანიშვილმა ჟურნალისტებთან შეხვედრაზე განაცხადა.

მისი თქმით, თანაინვესტირების ფონდი, რომლიც პრემიერის ინიციატივით იქმნება, უახლოეს პერიოდში ამოქმედდება.

"3 მილიარდის კაპიტალს ვაცხადებდით თავიდან, თუმცა კაპიტალმა 5 მილიარდს გადააჭარბა, იმდენია მოსურნე. პირადად მე ბევრს ველაპარაკე. არ გამოვრიცავ, რომ კაპიტალმა უახლოეს პერიოდში 10 მილიარდსაც გადააჭარბოს. ერთ-ერთი მონაწილე მეც ვარ სიაში. ჩემი კაპიტალიც მიიღებს მონაწილეობას", -განაცხადა ივანიშვილმა.

მისივე თქმით, საქართველოში მთავარი პრობლემა არის ის, რომ ისეთი პროექტების სიმწირეა, სადაც შეიძლება ფული ჩაიდოს.

"მინდა ამ მიმართულებით გავაგრძელო მუშაობა", - აღნიშნა პრემიერმა. მისივე თქმით, პირადად ის ამ ფონდის მართვას არ განახორციელებს.

პრემიერმა აღნიშნა, რომ ფონდის საქმიანობის დაწყების გაჭიანურების გამო მან საყვედურიც გამოთქვა. თუმცა, მისივე განმარტებით, ეს იმის გამო ხდება, რომ კანონმდებლობასაც უნდა მოვერგოთ და ინვეტორებისთვისაც საინტერესო იყოს.