ბიძინა ივანიშვილი - მივმართავ სამთაწყაროს მოსახლეობას, კეთილი ინებონ და კანონს დაემორჩილონ

ბიძინა ივანიშვილი - მივმართავ სამთაწყაროს მოსახლეობას, კეთილი ინებონ და კანონს დაემორჩილონ

მთავრობა ყველა მიმართულებით დაიცავს უმცირესობებს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ბიძინა ივანიშვილმა ჟურნალისტებთან შეხვედრაზე განაცხადა. პრემიერის თქმით, ეს მოხდება კანონის გზით და არა ხელოვნური გზებით.

"გეგმა გვაქვს ასეთი - საქართველოში უნდა ბატონობდეს მხოლოდ სამართალი. ჩვენი კონსტიტუციით ყველა რელიგიურ უმცირესობას აქვს უფლება, აღასრულოს ლოცვა, როგორც მათ სურთ. პირველ რიგში მივმართავ სამთაწყაროს მოსახლეობას, რომ კეთილი ინებონ და დაიცვან კანონიერება. ჩვენ ვცდილობთ მოლაპარაკების გზით დავარწმუნოთ ორივე მხარე, რომ მშვიდობიანად მისცენ საშუალება უმცირესობას აღასრულონ თავიანთი რელიგიური მრწამსი. თუ ეს არ მოხერხდება მოლაპარაკების გზით, კანონს გამოვიყენებთ მთელი სიმკაცრით. მივმართავ მათ განსაკუთრებით, კეთილი ინებონ, დაემორჩილონ კანონს და მისცენ საშუალება ლოცვის", - განაცხადა ივანიშვილმა.

მისი თქმით, ის, რაც დღეს საქართველოში ხდება და კონკრეტულად სამთაწყაროში, არის "9 წლიანი მმართველობის გადმონაშთი".

პრემიერის განცხადებით, ძალიან ხშირად მთავრობა ამ პრობლემებს ხელოვნურად ჩქმალავდა და "ამან დღეს ამოყო თავი".

"სადაც მოლაპარაკებით ვერ მოვახერხებთ, კანონი ჩაერევა. ტოლერანტობა არ ესწავლება ქართველ ერს. მეჩეთის აშენება და რელიგიური მრწამსის აღსრულება არასდროს იყო პრობლემა",-განაცხადა ივანიშვილმა.

პრემიერი ასევე გამოეხმაურა 17 მაისის ინციდენტს და აღნიშნა, რომ ესეც "წინა ხელისუფლების მიერ დამყარებული წესრიგის შედეგი იყო".


"ეს იყო ზედმეტად ინსპირირებული და მართული გარედან. ამ საქმეზე გამოძიება გრძელდება. პირველად მოხდა საქართველოს ისტორიაში, რომ მოქმედი, ორი მღვდელმსახური მიეცა პასუხისგებაში და ისინი დაისჯებიან კანონის შესატყვისად",-განაცხადა ივანიშვილმა.