ბიძინა ივანიშვილი - მიხეილ სააკაშვილი ეკონომიკის გაგებაში არ არის

ბიძინა ივანიშვილი - მიხეილ სააკაშვილი ეკონომიკის გაგებაში არ არის

მიხეილ სააკაშვილი ეკონომიკის გაგებაში არ არის, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა დღევანდელ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მისი თქმით, შევარდნაძის პერიოდში უფრო გაიზრდებოდა ეკონომიკა, ვიდრე წინა ხელისუფლების დროს.

"ეკონომიკა უფრო ნაკლებად გაიზარდა ვიდრე უნდა გაზრდილიყო. მათ მოახერხეს არა ეკონომიკის გაზრდა, არამედ ბევრი ფულის მოგროვება. ფულის მოგროვება ისე ისწავლეს, რომ მერე თავად გადაერთნენ ბიზნესში. მათ მოახერხეს შევარდნაძის პერიოდში საბაჟოებზე არსებული სიტუაციის გამოსწორება და ამაში ჩემი წვლილიც არის. მათ მოახერხეს მხოლოდ ბიუჯეტში სახსრების აკუმულირება, ეს არის მათი მიღწევა მხოლოდ, თუმცა ესეც დაამახინჯეს", - აღნიშნა პრემიერმა.

მისივე შეფასებით, ეკონომიკას, პირველ რიგში, კონკურენტუნარიანობა სჭირდება.

"თუ გავითვალისწინებთ, როგორ მართავდა წინა ხელისუფლება ეკონომიკას, თუ გავითვალისწინებთ, როგორი ტოტალური მმართველობა ჰქონდა მის გუნდს და მთავარ პროკურატურას, ეს კაცი ეკონომიკის გაგებაში არ არის. ეკონომიკას რაც სჭირდება, პირველ რიგში, ეს არის კონკურენტუნარიანობა და თავისუფლება. ის უნდა იყოს დახვეწილი, ქმედითი და არც ერთ ჩინოვნიკი არ უნდა ერეოდეს. ის რაც ხდებოდა, 9 წლის განმავლობაში, ეს აბსოლუტურად წინააღმდეგობაში მოდის ეკონომიკურ მმართველობასთან", - აღნიშნა ივანიშვილმა.

პრემიერმა ინფრასტრუქტურულ პროექტებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ამ მიმართულებით უფრო მეტი დაიხარჯება ახალი ხელისუფლების პირობებში.


"ინფრასტრუქტურის მიმართულებით უფრო მეტი დაიხარჯება წელს. უფრო მეტი დაიხარჯება ახალი ხელისუფლების პირობებში. ის, რომ რაღაც ეტაპზე შეფერხება იყო, ეს გამოწვეული იყო იმით, რომ ძალიან ბევრი ტენდერი არასწორად იყო ჩატარებული, ძალიან ბევრი გადაწყვეტილება და პროექტი დაუხვეწავი და შესაჩერებელი იყო. მათ შორის არის რკინიგზის შემოვლითი გზა, რაზეც ძალიან ბევრი თანხები ჩადებულია და გადაყრილი", - აღნიშნა ბიძინა ივანიშვილმა.