უმაღლესი სასწავლებლების რექტორების მოვალეობის შემსრულებელი შესაძლოა, პრემიერმა აღარ დანიშნოს

უმაღლესი სასწავლებლების რექტორების მოვალეობის შემსრულებელი შესაძლოა, პრემიერმა აღარ დანიშნოს

უმაღლესი სასწავლებლების რექტორების მოვალეობის შემსრულებელი შესაძლოა, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა აღარ დანიშნოს.

"განათლების შესახებ" კანონპროექტში რექტორის დანიშვნასთან დაკავშირებული პუნქტის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ბიძინა ივანიშვილმა დღეს მედიის წარმომადგენლებთან გამართულ შეხვედრაზე ისაუბრა.


მისი თქმით, კანონპროექტთან დაკავშირებით ის საქმის კურსშია, დეტალებიც კარგად იცის და ამასთან დაკავშირებით შეხვედრებიც ხშირი ჰქონდა, პირველ რიგში კი გიორგი მარგველაშვილთან.
"ეს იყო დროებით დანიშვნა არჩევნების გასამზადებლად და არა მუდმივი, ეს იყო ნორმალური და მე ვფიქრობ, გუნდის ბევრ წევრს არც წაუკითხავს იქ რა ეწერა და ისე მოისურვეს თავის გამოჩენა, მაგრამ მიუხედავად ამისა, ანგარიში მაქსიმალურად გავუწიეთ და მე მგონი ეს პუნქტი საერთოდ ამოდის მეორე ნახევრიდან", - აღნიშნა ივანიშვილმა.

მისივე შეფასებით, კორექტული ნაბიჯები იქნა გადადგმული, კითხვები გაჩნდა, ბევრმა არ გაიაზრა, ბევრმა არ წაიკითხა, შეიძლება ბევრს მართლა არ მოეწონა, თუმცა ეს ნორმალური პროცესია.
"კარგია, რომ გუნდის შიგნიდანაც ხშირად ხდება წინააღმდეგობები, ესეც დემოკრატიის ნიშანია და გუნდურობა განმსაზღვრელი არ არის, განმსაზღვრელია რომ იდეას გავყვეთ", - მიაჩნია ბიძინა ივანიშვილს.

"განათლების შესახებ" კანონპროექტი პარლამენტში მხოლოდ პირველი მოსმენით არის მიღებული. ცვლილებების მიხედვით კი, არჩევნებამდე უმაღლესი სასწავლებლების მოვალეობის შემსრულებლები პრემიერს უნდა დაენიშნა.