გიგი უგულავა - უკანონო დაკავებები ყველა საერთაშორისო მოხსენებაში აისახება

გიგი უგულავა - უკანონო დაკავებები ყველა საერთაშორისო მოხსენებაში აისახება

"მინდა დავარწმუნო მთავრობა, რომ ყველა საერთაშორისო რაპორტში, უკანონო დაკავებები აუცილებლად აისახება", - ამის შესახებ თბილისის მერმა გიგი უგულავამ დღეს "ქორთიარდ მარიოტში" განაცხადა , სადაც ევროპის საბჭოს ადგილობრივ და რეგიონალურ ხელისუფლებათა კონგრესის მონიტორინგის კომიტეტის შეხვედრაზე იმყოფება.

გიგი უგულავა აცხადებს, რომ შეხვედრაზე ის ბოლო დროს განხორციელებულ დაკავებებზე ისაუბრებს.

"პირადად მე გავამახვილებ ყურადღებას იმ უკანონობების კასკადზე, რომელიც ბოლო აკორდი იყო, მხედველობაში მაქვს ის, რომ მერიის ოთხი თანამშრომლის საქმე წაიღეს რუსთავის სასამართლოში და რუსთავის სასამართლომ ისინი ჯერ გაათავისუფლა, შემდეგ კი დააპატიმრა და ეს უკვე მათი მესამე დაპატიმრებაა. ეს ბუნებრივია, სამართლებრივი ნონსენსია. ეს კარგად მიუთითებს, რომ პროკურატურა სამართლებრივ მაქინაციაზე მიდის იმისათვის, რომ წინასწარი პატიმრობით მოახდინოს ადამიანებზე ზეგავლენა და სასურველი ჩვენება მიიღონ. გადაწყვეტილება, რომ რუსთავის სასამართლომ განიხილოს ეს საქმე უპრეცენდენტოა და სამართლებრვადაც ბევრ პრობლემას წარმოქმნის. თითოეულ ადამიანს შეიძლება სამართლიანი სასამართლოს უფლება შეეზღუდოს იმიტომ, რომ პროკურატურის მაქინაციებით შეიძლება მესტიის ან დედოფლისწყაროს სასამართლოში ამოყოს ნებისმიერმა ადამიანმა თავი. მინდა დავარწმუნო მთავრობა, რომ ყველა საერთაშორისო მოხსენებაში უკანონო დაკავებები აუცილებლად აისახება. მეტიც, ვხედავთ, რომ გამოძიება არ მიმდინარეობს. სირაქლემას პოზაში მყოფ მთავრობას ვხედავთ, რომელიც იძახის, რომ ეს ხალხი ბორკილებდადებული თურმე საკუთარი ტრანსპორტით მივიდა საგამოძიებო ორგანოში", _ განაცხადა გიგი უგულავამ.

ქალაქის მერი დღეს დანიშნულ სასამართლო პროცესსაც გამოეხმაურა. მისი თქმით, დღეს სასამართლო განიხილავს რამდენიმე მოწმის აცილების საკითხს, რომელიც მისმა ადვოკატებმა წინა სასამართლო სხდომაზე დააყენეს.

გიგი უგულავა აცხადებს, რომ დაკავებებთან დაკავშირებით სასამართლო ორმაგი სტანდარტებით მოქმედებს.

"ჩვენ დავაყენეთ რამდენიმე მოწმის აცილების საკითხი. კერძოდ, ლინგვისტურად გაწაფული ჯოზეფ ქეის აცილების საკითხი, რომელმაც 600 სიტყვა სხვადასხვა დროს მიცემულ ჩვენებაში ერთი და იმავე მიმდევრობით სხაპასხუპით გაიმეორა, რაც ეჭვს ბადებს. ასევე სხვა მოწმის აცილების საკითხიც. მე თუ შეიძლება ვიყო გარეთ და თავისუფალ ვითარებაში ვიცავდე ჩემს პოზიციებს, იგივე უფლება აქვს ჩემს მოადგილეს და სხვა თანამშრომლებსაც. თუ ჩემს მოადგილეს შეუძლია მოახდინოს ზემოქმედება მოწმეებზე იგივე შემიძლია მეც. ორმაგ სტანდარტთან გვაქვს საქმე და ეს არის ძალიან დასანანი სამართლებრივადაც და პოლიტიკურადაც" _ განაცხადა უგულავამ.