"ქართული ოცნება" საპრეზიდენტო კანდიდატის შეცვლას გამორიცხავს

არ არსებობს მიზეზი, რომ გიორგი მარგელაშვილის საპრეზიდენტო კანდიდატურაზე უარი ვთქვათ. ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ბიძინა ივანიშვილმა დღეს ჟურნალისტებთან შეხვედრისას განაცხადა.

როგორც ივანიშვილმა აღნიშნა, საუბარია პაატა ბურჭულაძის კანდიდატურაზეც, თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ "ქართულმა ოცნებამ" რაიმე რეაქცია უნდა მოახდინოს ამაზე.

"ვფიქრობ, გიორგი მარგველაშვილი, როგორ პოლიტიკოსი და პიროვნება, გაცილებით მისაღებია. ვინც იცნობს მარგველაშვილს, მას აქვს ყველა თვისება, რაც სჭირდება კარგ პრეზიდენტს. არ ვფიქრობ, რომ გიორგის ეყოლება ღირსეული კონკურენტი, ვერც პაატა მოახერხებს მისთვის ღირსეული კონკურენციის გაწევას. ჩვენ დაველოდებით პროცესებს. მინდა აღვნიშნო, რომ კოალიციამ ძალიან კარგი საპრეზიდენტო კანდიდატი დაასახელა," – აღნიშნა პრემიერმა.

საქართველოს პრემიერი იმედოვნებს, რომ კოალიციის მიერ წარდგენილი კანდიდატი საპრეზიდენტო არჩევნების პირველივე ტურში მოიპოვებს ღირსეულ გამარჯვებას.

"ჩვენ ვიცნობთ ჩვენს საზოგადოებას. ვფიქრობ, რომ საზოგადოება მარგველაშვილს პირველივე ტურში აირჩევს. ჩემი მხრიდან გამორიცხულია კანდიდატის ვინაობის შეცვლა. ბედნიერი ვარ, რომ მარგველაშვილს ვიცნობ და ასეთი კაცი გვყავს. ვერ წარმომიდგენია ადამიანი, რომელიც მას კონკურენციას გაუწევს. არ არსებობს მიზეზი, რომ მარგველაშვილზე უარი ვთქვათ," – განაცხადა ივანიშვილმა.