არასამთავრობოები პრეზიდენტს მიმართავენ არჩევნები არასამუშაო დღეს დანიშნოს

არასამთავრობოები პრეზიდენტს მიმართავენ არჩევნები არასამუშაო დღეს დანიშნოს

საარჩევნო საკითხებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციები პრეზიდენტს რეკომენდაციით მიმართავენ 31 ოქტომბრისათვის დანიშნული არჩევნები კვირის უქმე - არასამუშაო დღეს გადაიტანოს.
მათი შეფასებით, ეს მოსახერხებელი იქნება უცხოეთში მცხოვრები საქართველოს მოქალაქეებისთვის, ასევე იმ ადამიანებისთვის, რომლებსაც ხმის მისაცემად რეგიონებში უწევთ ჩასვლა.
"ორგანიზაციული თვალსაზრისით მოქალაქეთა წახალისებისკენ რომ წავიდნენ, მათ რომ არჩევნებში იაქტიურონ და მისცენ ხმა, უმჯობესი იქნება თუ საპრეზიდენტო არჩევნები კვირა დღეს დაინიშნება. ამიტომ არასამთავრობო ორგანიზაციები ვგეგმავთ პრეზიდენტის სახელზე შესაბამისი მიმართვის შეთავაზებას და ვთხოვთ, რომ მის მიერ გამოცემულ აქტში ცვლილება შეიტანოს", - აცხადებს "სამართლიანი არჩევნების" ხელმძღვანელი ნინო ლომჯარია.

"ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის" წარმომადგენლის კახა კოჟორიძის შეფასებით, პრეზიდენტის მიზანი არჩევნებისთვის ისეთი თარიღის შერჩევა უნდა იყოს, რომელიც არჩევნებზე წასვლის შესაძლებლობას მეტ ადამიანს მისცემს.

"მოცემულ შემთხვევაში, ხუთშაბათ დღეს - სამუშაო დღეს, არჩევნების გამოცხადება საზღვარგარეთ მყოფ საქართველოს მოქალაქეებს იმის საშუალებას არ მისცემს, რომ არჩევნებში მაღალი ალბათობით მიიღონ მონაწილეობა", - აცხადებს კოჟორიძე.

ცნობისთვის, საარჩევნო კანონმდებლობით, არჩევნების ნებისმიერი დღე უქმე დღეა. პრეზიდენტის ადმინისტრაციაშიც ადასტურებენ, რომ 31 ოქტომბერი - ხუთშაბათი, უქმე დღედ გამოცხადდება. ამასთან, "საარჩევნო კოდექსის" მეექვსე მუხლში წერია, რომ კვირის ნებისმიერ დღეს შეიძლება ჩატარდეს მორიგი არჩევნები, რეფერენდუმი, პლებისციტი, გარდა საპრეზიდენტო არჩევნებისა.