დავით უსუფაშვილი - რუსეთმა ვერ უნდა მოახერხოს ეუთო-ს სწორი გადაწყვეტილებების დაბლოკვა

დავით უსუფაშვილი - რუსეთმა ვერ უნდა მოახერხოს ეუთო-ს სწორი გადაწყვეტილებების დაბლოკვა

რუსეთმა არ და ვერ უნდა მოახერხოს ეუთოს სწორი გადაწყვეტილებების დაბლოკვა საქართველოში ეუთო-ს სადამკვირვებლო მისიის აღდგენასთან დაკავშირებით, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ეუთოში გამართული შეხვედრების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც დავით უსუფაშვილმა აღნიშნა, ეუთო-ს პრეზიდენტთან და სამხრეთ კავკასიაში მის წარმომადგენელთან შეხვედრაზე ეუთოს მანდატის მნიშვნელობაზე ისაუბრა. უსუფაშვილი გერმანიისა და დიდი ბრიტანეთის დელეგაციების წარმომადგენლებსაც შეხვდა.

"ჩვენი საუბრის ძირითადი თემაა, რომ რუსეთმა არ და ვერ მოახერხოს ეუთოს სწორი გადაწყვეტილებების დაბლოკვა საქართველოში ეუთოს სადამკვირვებლო მისიის აღდგენასთან დაკავშირებით. ეს არის ის მისია, რომელიც არა მხოლოდ არჩევნებს აკვირდება, არამედ ზოგადად, უსაფრთხოების საკითხებზე მუშაობს. საქართველოში დღეს მშვიდობა უზრუნველყოფილია მხოლოდ ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მიერ და ვხედავთ, რომ ხშირად ეს არ არის საკმარისი, რადგან ამ მისიის წარმომადგენლებს არ აქვთ საშუალება, მონიტორინგი გაუწიონ მოვლენებს საოკუპაციო ხაზის მეორე მხარეს", - განაცხადა დავით უსუფაშვილმა.

მისი განმარტებით, ეუთო ის ორგანიზაციაა, რომლის ეგიდითაც წლების განმავლობაში აღნიშნულ რეგიონებში სამშვიდობო ძალები იმყოფებოდნენ და საქართველომ ამ მიმართულებით პროგრესს უნდა მიაღწიოს.

როგორც დავით უსუფაშვილმა აღნიშნა, ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის საბოლოო დეკლარაციაში აისახება როგორც მისიის აღდგენის მოწოდება, ისე - დეოკუპაციის დაჩქარების აუცილებლობა. "ეს ხდება იმ ორგანიზაციაში, სადაც რუსეთი ახერხებდა ხოლმე გარკვეული გადაწყვეტილებების ლობირებას. ამიტომ, აქ ჩვენი დელეგაციის მუშაობის შედეგია ის, რომ დეკლარაციის საბოლოო ვარიანტში ეს ჩანაწერი იქნება და ამას მხარს უჭერს ოპოზიციაც", - აღნიშნა უსუფაშვილმა.