"არც მეფეს, არც პრეზიდენტს, არც პატრიარქს და არც არავის აქვს უფლება, ქართული მიწა გაყიდოს"

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსის, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის, უწმინდესისა და უნეტარესი ილია მეორეს განცხადებით, "არც მეფეს, არც პრეზიდენტს, არც პატრიარქს და არც არავის აქვს უფლება, ქართული მიწა გაყიდოს".


ამის შესახებ მისმა უწმინდესობამ სამების საკათედრო ტაძართან არსებულ ახალგაზრდულ ცენტრში განაცხადა, სადაც სამიწათმოქმედო კულტურების თაობაზე შეხვედრა გაიმართა.

"უნდა ვიცოდეთ, რომ არის ისეთი ფასეულობა, რომლის გაყიდვა არ შეიძლება. არავის – არც მეფეს, არც პრეზიდენტს, არც პატრიარქს - აქვს უფლება, გაყიდოს ქართული მიწა. მე მინდა, თქვენი ყურადღება მივაქციო უცხოეთში მცხოვრებ ქართველ ხალხს. ძალიან ხშირი შემთხვევაა, როდესაც ისინი თხოულობენ მოქალაქეობას და იმათ არ აძლევენ მოქალაქეობას. ისინი უნდა დაბრუნდნენ საქართველოში", - განაცხადა პატრიარქმა.

შეხვედრას დეპუტატებიც ესწრებოდნენ. საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ზურაბ ტყემალაძე აღნიშნა, რომ პარლამენტმა მესამე მოსმენით მიიღო კანონპროექტი, რომელიც უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის მიწის მიყიდვაზე მორატორიუმის გამოცხადებას ითვალისწინებს და იმედი გამოთქვა, რომ პრეზიდენტი მას ხელს მოაწერს, თუ არადა, საკანონმდებლო ორგანო ვეტოს დაძლევს.