"თუ აფხაზები და ოსები ჩვენთან ერთად ცხოვრებას გადაწყვეტენ, რუსეთი აღიარებაზე უარს მარტივად იტყვის"

საქართველოს პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, "აფხაზეთმა და სამხრეთ ოსეთმა პირველ რიგში, გადაწყვეტილება თავად უნდა მიიღონ, ჩვენ კი მათთვის მიმზიდველი სახელმწიფო უნდა შევქმნათ".

ამის შესახებ ივანიშვილმა "დოიჩე ველესთან" ინტერვიუში განაცხადა.


"ჩვენ ხალხისთვის უნდა ვიბრძოლოთ და არა - მიწისთვის. ადამიანებს კი ჩვენთან ცხოვრების სურვილი უნდა გაუჩნდეთ და ეს იქნება გადამწყვეტი. მეგობრული ურთიერთობებისა და მოლაპარაკებების გარდა, სხვა გზა არ არსებობს", - განაცხადა პრემიერმა.

ამასთან, ივანიშვილი ფიქრობს, "რუსეთისთვისაც არ არის მომგებიანი მის გვერდით სეპარატისტული რეგიონები იყოს განლაგებული, რადგან ეს დამატებით საფრთხეს ქმნის".

"რუსეთს კი საკუთარი საგარეო თუ საშინაო საფრთხეებიც საკმარისად აქვს. ცოტა ხნის წინ პრეზიდენტმა პუტინმა განაცხადა: "ვერ წარმომიდგენია, როგორ უნდა ვთქვათ უარი აღიარებაზე". რა თქმა უნდა, რთულია უარის თქმა, მით უმეტეს, რომ რუსეთს აფხაზებსა და ოსებთან ურთიერთობა აქვს. პუტინის სიტყვების ქვეტექსტი ასეთია: ხალხმა თავად უნდა გადაწყვიტოს. თუ ისინი გადაწყვეტენ, რომ სურთ, ქართველებთან იცხოვრონ, რუსეთისთვის აღიარებაზე უარის თქმა მარტივი იქნება. ტყუილად ფიქრობენ, რომ რუსეთს, როცა უნდა, მაშინ შეუძლია, მიწის წართმევა და დაბრუნება. ეს ასე მარტივი არ არის, ჩვენ უნდა დავარწმუნოთ ჩვენი ძმები, რომ ჩვენთან ცხოვრება უკეთესია, ვიდრე - უჩვენოდ", - განაცხადა ივანიშვილმა.

რაც შეეხება სოჭის ოლიმპიადას, პრემიერის თქმით, სოჭის ოლიმპიადის მოახლოებასთან ერთად, რუსეთს სულ უფრო მეტად აღელვებს მისი უსაფრთხოება.

"აქედან შესაძლებელია საზღვრების გაძლიერება და მათი გადაკვეთის წესების გამკაცრება. ჩვენ ჩვენის მხრივ, უკვე არაერთხელ განვაცხადეთ, რომ ყველაფერს გავაკეთებთ, რათა დავეხმაროთ და ოლიმპიადის უსაფრთხოება უზრუნველყოფილი იყოს", - აღნიშნა ივანიშვილმა.