ხვალ საქალაქო სასამართლოში გიგი უგულავას სასამართლო პროცესი გაგრძელდება

ხვალ საქალაქო სასამართლოში გიგი უგულავას სასამართლო პროცესი გაგრძელდება

ხვალ თბილისის საქალაქო სასამართლოში თბილისის მერის გიგი უგულავას სასამართლო პროცესი გაგრძელდება, რომელიც 19 ივნისის პროცესის გაგრძელებაა და რომელიც პროკურატურის მოთხოვნით გადაიდო. 

"პროკურატურა თბილისის მერს, შპს "თბილსერვისჯგუფში" 750 მოქალაქის დასაქმებასა და მათთვის ხელფასის გადახდას ედავება, ხოლო ტელეკომპანია "იმედის" საქმეზე კი - სხვისი ქონების მითვისებასა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციას, რაც პროკურატურის აზრით, ჯოზეფ ქეისთვის, ტელევიზიის კანონიერი მესაკუთრისთვის, ტელეკომპანიის ჩამორთმევაში გამოიხატა.

პროკურატურის მიერ წაყენებული ბრალის დასამტკიცებლად წარმოდგენილი ძირითადი მტკიცებულებების უმრავლესობა გამოძიების მიერ, მოპოვებულია საქართველოს კანონმდებლობის, ასევე საერთაშორისო კონვენციების უხეში დარღვევით და მათ იურიდიული ძალა არ გააჩნიათ. აქედან გამომდინარე, გიგი უგულავას ადვოკატებმა დააყენეს შუამდგომლობა საქმიდან კონკრეტული მოწმეების ჩვენებების ამოღებისა და სასამართლოში დასაკითხ პირთა სიიდან, რამოდენიმე მოწმის ამორიცხვის შესახებ, როგორიცაა, მოწმე ჯოზეფ ქეი, რომელმაც "შეძლო" და გამოძიებას 5 თვის შუალედში 600 სიტყვისგან შემდგარი ორი აბსოლუტურად იდენტური ჩვენება "მისცა". რაც შეეხება ზოგადად ჯოზეფ ქეის სანდოობას, ამის თაობაზე სასამართლოს წარედგინა ლონდონის, ფლორიდისა და გიბრალტარის სასამართლოების გადაწყვეტილებები, რომლებიც ასეთ დასკვნებს აკეთებენ: ბატონი ქეი ადამიანია, რომელსაც არ შეუძლია, დამაჯერებელი პასუხები გასცეს შეკითხვებს, რომელზეც მას დასაბუთებული პასუხი უნდა ჰქონდეს; ბატონი ქეი ნამდვილად არ წარმოადგენს მოწმეს, რომელიც ამბობს სიმართლეს; ბატონი ქეისთვის სიმართლე ბურუსით მოცულია; ბატონი ქეი არის ადამიანი, რომელის განმარტებები სარწმუნო არ არის; ბატონი ქეი არის ადამიანი, რომელსაც აქვს სიცრუისადმი აშკარა მიდრეკილება.

ასევე საინტერესოა, რომ მოწმე ნინო ბაქრაძემ, გამოძიებას მათთვის სასურველი ჩვენება მხოლოდ მეხუთე დაკითხვისას "მისცა" და მისი წინა 4 ჩვენება ამ უკანასკნელისგან არსებითად განსხვავდებოდა. საქმეში ასევე წარმოდგენილია მოწმეები, რომლებიც გამოძიებამ კანონის დარღვევით ღამის განმავლობაში დაკითხა და ა.შ.

სასამართლომ უნდა მიიღოს საბოლოო გადაწყვეტილება ზემოაღნიშნული უკანონოდ მოპოვებული მტკიცებულებების საქმიდან ამოღების შესახებ", - ნათქვამია განცხადებაში.