"იონათამიშვილის წერილის გამოქვეყნებასთან დაკავშირებით გამოძიება უნდა დაიწყოს"

საარჩევნო პოლიტტექნოლოგიების ცენტრის დირექტორის კახი კახიშვილის განცხადებით, "კოკი იონათამიშვილის წერილის გამოქვეყნებამ დაადასტურა, რომ პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი იყო მთავარი გენერატორი, რომ თანაგუნდელებზე კომპრომატები შეენახათ და ამით ადმინისტრაციამ "ნაციონალური მოძრაობის" სხვა წევრები გააფრთხილა”.

ამის შესახებ კახიშვილმა "პირWელს" პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ საკრებულოს დეპუტატ კოკი იონათამიშვილის წერილის გამოქვეყნების კომენტირებისას განუცხადა.

"დავიწყოთ იქიდან, რომ ამ წერილის გამოქვეყნება არანირად არ შეიძლებოდა. სახეზე გვაქვს სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება და პროკურატურამ აუცილებლად უნდა დაიწყოს გამოძიება. პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ გამოქვეყნებული წერილი შეიძლება, გზავნილადაც ჩაითვალოს "ნაციონალური მოძრაობის" დანარჩენი წევრების მიმართ, ანუ ამით იმის თქმა უნდოდათ, რომ თუკი თქვენც იგივე გააკეთებთ, თქვენზეც გვაქვს მსგავსი ფაქტებიო. გუშინდელმა ფაქტმა დაადასტურა, რომ ის ასობით კადრი, რაც შინაგან საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელობას უწყებაში დახვდა, ამ ყველაფრის შესახებ პრეზიდენტი ინფორმირებული იყო და მეტიც, ის იყო მთავარი გენერატორი იმისა, რაც ხდებოდა, მოსმენა და ფარულად ჩაწერა თანაგუნდელების და ა.შ. ამ წერილმა დაადასტურა, რომ თავად პრეზიდენტი წყვეტდა, რომ ამ ტიპის მასალები შეენახათ", - განაცხადა კახიშვილმა.

მისივე თქმით, სისხლის სამართლის კოდექსის 101-ე მუხლის თანახმად, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება უნდა დაიწყოს.

"მსგავს სიტუაციებში, როცა მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით გავრცელდება მსგავსი ინფორმაცია, პროკურატურა ვალდებულია გამოძიება დაიწყოს, ხოლო ვისი პასუხისმგებლობის საკითხი დადგება და რომელი პირის ბრალეულობამდე მივა ეს ყველაფერი, ამას უკვე გამოძიება დაადგენს", - აღნიშნა ექსპერტმა.