ნათია ჯაყელი:  ექსპერტებმა ჯოზეფ ქეის ერთ-ერთ ოფისთან მომხდარ აფეთქებაში უბედური შემთხვევა გამორიცხეს

ნათია ჯაყელი: ექსპერტებმა ჯოზეფ ქეის ერთ-ერთ ოფისთან მომხდარ აფეთქებაში უბედური შემთხვევა გამორიცხეს

ისრაელიდან მოწვეულმა ექსპერტებმა ბიზნესმენ ჯოზეფ ქეის ერთ-ერთ ოფისთან 24 ივნისს მომხდარ აფეთქებაში უბედური შემთხვევა გამორიცხეს, - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" კომპანია "ქართული ფოლადის" დირექტორმა ნათია ჯაყელმა აცნობა. 

მისი ინფორმაციით, ექსპერტებმა აფეთქებას წინასწარ დაგეგმილი უწოდეს. "მათივე შეფასებით, მსგავსი ფაქტი რომ ისრაელში მომხდარიყო, მას ტერორისტული აქტის კვალიფიკაცია მიეცემოდა. უახლოეს პერიოდში ჩვენ გვექნება ოფიციალური დასკვნა და საზოგადოებას მას ექსპერტების თანდასწრებით გავაცნობთ", - აღნიშნა ჯაყელმა.

ნუცუბიძის ქ. #57-ში კომპანია "ქართული ფოლადის" ოფისში აფეთქება 24 ივნისს მოხდა. აფეთქების შედეგად კომპანიის თანამშრომლები ალეკო მაისურაძე და ზაზა ნინიძე დაიღუპნენ. თავდაპირველად გავრცელებული ვერსიით, აფეთქება ბუნებრივი აირის გაჟონვამ და დაგროვებამ გამოიწვია. იმავე დღეს უბედური შემთხვევა გამორიცხა ჯოზეფ ქეიმაც და მომხდარი მის აქტიურობას დაუკავშირა.