გიორგი მარგველაშვილმა განათლების მინისტრის პოსტზე მისი შემცვლელის საკითხზე პრემიერთან უკვე იმსჯელა

გიორგი მარგველაშვილმა განათლების მინისტრის პოსტზე მისი შემცვლელის საკითხზე პრემიერთან უკვე იმსჯელა

კოალიცია "ქართული ოცნების" პრეზიდენტობის კანდიდატმა გიორგი მარგველაშვილმა განათლების მინისტრის პოსტზე მისი შემცვლელის საკითხთან დაკავშირებით პრემიერ-მინისტრთან უკვე იმსჯელა, თუმცა მარგველაშვილი მომავალ განათლების მინისტრზე საუბრისგან ამ ეტაპზე თავს იკავებს. 

როგორც აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით გიორგი მარგველაშვილმა "ინტერპრესნიუსს" განუცხადა, თუ ვინ იქნება განათლებისა და მეცნიერების მინისტრი, აღნიშნულ კითხვას პასუხი პრემიერ-მინისტრმა უნდა გასცეს.

"ბუნებრივია, მე და პრემიერ-მინისტრი განათლების მინისტრის მომავალ კანდიდატურაზე ვსაუბრობთ, მაგრამ მისი დასახელება ბიძინა ივანიშვილის პრეროგატივაა და აღნიშნული საკითხი მასთან გაარკვიეთ", - აღნიშნა მარგველაშვილმა.

"ქართული ოცნების" პრეზიდენტობის კანდიდატმა დღეს კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ იმის მიუხედავად, მას არჩევნების წინ კანონი თანამდებობიდან გადადგომას არ ავალდებულებს, ამის გაკეთებას მაინც აპირებს. "ჩვენ საქართველოში ვამკვიდრებთ ახალ პოლიტიკურ ტრადიციებსა და ახალ პოლიტიკურ კულტურას. როგორც კი დავიწყებ საარჩევნო კამპანიას, მინისტრის თანამდებობას დავტოვებ, თუმცა, მე ამას კანონი არ მავალდებულებს", - განუცხადა ჟურნალისტებს გიორგი მარგველაშვილმა.