კახა კახიშვილი არასამთავრობო ორგანიზაციებს პრეზიდენტის აქტის გასაჩივრებისკენ მოუწოდებს

კახა კახიშვილი არასამთავრობო ორგანიზაციებს პრეზიდენტის აქტის გასაჩივრებისკენ მოუწოდებს

მიხეილ სააკაშვილმა საპრეზიდენტო არჩევნების თარიღი უნდა შეცვალოს, - ამის შესახებ "საარჩევნო და პოლიტიკური ტექნოლოგიების კვლევის ცენტრის" დირექტორმა კახა კახიშვილმა "ინტერპრესნიუსთან" საუბრისას განაცხადა. კახა კახიშვილი საარჩევნო საკითხებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციებს საპრეზიდენტო არჩევნების თარიღის დანიშვნასთან დაკავშირებული პრეზიდენტის აქტის გასაჩივრებისკენ მოუწოდა.

"პრეზიდენტმა საპრეზიდენტო არჩევნების თარიღი უნდა შეცვალოს. 9-წლიანი მმართველობის პერიოდში ისედაც ვიცით, რომ მისთვის კანონი არაფერს წარმოადგენდა. თუ თარიღს არ შეცვლის, საკუთარ ვადას დაასრულებს იმით, რომ საპრეზიდენტო არჩევნები კანონდარღვევით დანიშნა. თუმცა, მე მოვუწოდებ ყველა ორგანიზაციას, რომელიც მუშაობს საარჩევნო საკითხებზე, გაასაჩივროს პრეზიდენტის აქტი არჩევნების დანიშვნასთან დაკავშირებით, რომელიც გამოცემულია "საარჩევნო კოდექსის" ნორმების სრული იგნორირებით", - განაცხადა კახა კახიშვილმა.

ამასთან, კახიშვილი საპარლამენტო უმრავლესობას საკითხზე ყურადღების გამახვილებისაკენ მოუწოდებს.

"თუ კენჭისყრის დღე არასწორად დაინიშნა კანონის ნორმების უხეში დარღვევით, გამოდის, რომ მთელი პროცესი შემდგომში იქნება დარღვევით", - განმარტა კახიშვილმა.

საარჩევნო კანონმდებლობის თანახმად, კვირის ნებისმიერ დღეს ნებისმიერი არჩევნები შეიძლება ჩატარდეს, გარდა - საპრეზიდენტო არჩევნებისა. ამასთან დაკავშირებით "საარჩევნო კოდექსის" მეექვსე მუხლში წერია, "მორიგი არჩევნები, რეფერენდუმი, პლებისციტი, გარდა საპრეზიდენტო არჩევნებისა, შეიძლება ჩატარდეს კვირის ნებისმიერ დღეს. კენჭისყრის დღე უქმე დღეა".
როგორც "ინტერპრესნიუსს" იურისტმა კახა კახიშვილმა განუმარტა, კანონის ეს ჩანაწერი ნიშნავს, რომ არჩევნები შეცდომით დანიშნეს 31 ოქტომბერს, რადგან 31 ოქტომბერი ხუთშაბათი დღეა.