"ლეიბორისტული პარტიის" ლიდერი შალვა ნათელაშვილი აცხადებს, რომ პოლიტიკური ექსპერიმენტები უნდა დამთავრდეს და პოლიტიკაში მეღვინეების, ბიზნესმენებისა და ხელოვანების ადგილი არ არის. როგორც მან დღეს პრესკონფერენციაზე განაცხადა, ისინი ერთმანეთს მუშაობაში ხელს არ უნდა უშლიდნენ "მით უფრო ერთმანეთს ფეხებში არ ეხლართებოდნენ".
კითხვაზე, თუ როგორ აფასებს იგი მომღერალ პაატა ბურჭულაძის პრეზიდენტობის კანდიდატად შესაძლო დასახელებას, მთავარმა ლეიბორისტმა ასე უპასუხა.
"როგორც ჩანს, ზოგიერთებს სურთ ცნობილმა სოპრანომ თუ ბანმა "თაო ჩემოთი" გაგვასვენოს, მე ამის სურვილი არ მაქვს, თუმცა მისი ხელოვნებისადმი პატივისცემას ვადასტურებ". - განაცხადა ნათელაშვილმა. პირველი მშრომელის თქმით, სირცხვილია, როდესაც ლიდერობაზე პრეტენზიის მქონე პოლიტიკური პარტია არჩევნების პერიოდში კანდიდატებს არა პოლიტიკიდან, არამედ ოპერიდან, თეატრიდან და სპორტიდან ეძებს.
"ეს სირცხვილიო და არ ეკადრება ჩემს ცნობილ და პატივცემულ პოლიტიკურ მეგობრებს, ჯობია თავისი კანდიდატურები დააყენონ, ამას მივესალმები, ვიდრე არაპოლიტიკური ფიგურები უხერხულობაში ჩააყენონ". - განაცხადა მან.
შეგახსენებთ, "ქართული დასის" ლიდერმა ჯონდი ბაღათურიამ განაცხადა, რომ მისი პარტიის სახელით პრეზიდენტობის კანდიდატად შესაძლოა პაატა ბურჭულაძე დაასახელონ.