ნინო ლომჯარია მიიჩნევს, რომ პრეზიდენტს არჩევნების თარიღის შეცვლის ვალდებულება არ აქვს

ნინო ლომჯარია მიიჩნევს, რომ პრეზიდენტს არჩევნების თარიღის შეცვლის ვალდებულება არ აქვს

"სამართლიანი არჩევნების" ხელმძღვანელი ნინო ლომჯარია "საარჩევნო კოდექსის" მე-6 მუხლის ჩანაწერს "საკანონმდებლო ხარვეზად" მიიჩნევს და აცხადებს, რომ პრეზიდენტს 31 ოქტომბერს დანიშნული საპრეზიდენტო არჩევნების თარიღის შეცვლის ვალდებულება არ აქვს.

როგორც ლომჯარიამ "ინტერპრესნიუსს" განუცხადა, ნორმა, რომელმაც საზოგადოებაში აჟიოტაჟი გამოიწვია, იმდროინდელი ჩანაწერია, როცა საპრეზიდენტო არჩევნების აუცილებლად კვირა დღეს ჩატარებას კონსტიტუცია განსაზღვრავდა.

"ეს ჩანაწერი კოდექსში არსებობს იმ დროიდან, როცა კონსტიტუცია ადგენდა, რომ საპრეზიდენტო არჩევნები უნდა ჩატარებულიყო მაინცდამაინც კვირა დღეს. სწორედ მის შესაბამისად განისაზღვრა "საარჩევნო კოდექსში", რომ საპრეზიდენტო არჩევნები არ შეიძლებოდა კვირის ნებისმიერ დღეს ჩატარებულიყო. იქედან გამომდინარე, რომ კონსტიტუციაში უკვე დიდი ხანია აღარაა აღნიშნული ჩანაწერი და მასში უბრალოდ მითითებულია, რომ საპრეზიდენტო არჩევნები ოქტომბერში უნდა ჩატარდეს, "საარჩევნო კოდექსის" მე-6 მუხლის ჩანაწერი, უბრალოდ, საკანონმდებლო ხარვეზს წარმოადგენს, რადგან არც კონსტიტუცია და არც კოდექსი არ მიუთითებს კონკრეტულ დღეზე, თუ როდის შეიძლება ჩატარდეს საპრეზიდენტო არჩევნები. თუ ვამბობთ, რომ კვირის ნებისმიერ დღეს არ შეიძლება ის ჩატარდეს, მაშინ იბადება შეკითხვა - რა დღეს შეიძლება მისი ჩატარება? - ამაზე პასუხი არ არის. შესაბამისად, "საარჩევნო კოდექსის" ჩანაწერის ისე წაკითხვა, რომ საპრეზიდენტო არჩევნები მხოლოდ კვირა დღეს უნდა დაინიშნოს და შაბათს ან ხუთშაბათს მისი ჩატარება არ შეიძლება, არასწორია, რადგან, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, არსად წერია, რა დღეს შეიძლება გაიმართოს საპრეზიდენტო არჩევნები", - განაცხადა ლომჯარიამ.

მისივე განმარტებით, აღნიშნულიდან გამომდინარე, პრეზიდენტის მიერ არჩევნების თარიღთან დაკავშირებით გამოცემული ბრძანებულება ძალაში უნდა დარჩეს, პარლამენტმა კი აღნიშნული ნორმის ან კორექტირება, ან "საარჩევნო კოდექსიდან" მისი საერთოდ ამოღება უნდა მოახდინოს.

საარჩევნო კანონმდებლობის თანახმად, კვირის ნებისმიერ დღეს ნებისმიერი არჩევნები შეიძლება ჩატარდეს, გარდა - საპრეზიდენტო არჩევნებისა. ამასთან, დაკავშირებით "საარჩევნო კოდექსის" მეექვსე მუხლში წერია - "მორიგი არჩევნები, რეფერენდუმი, პლებისციტი, გარდა საპრეზიდენტო არჩევნებისა, შეიძლება ჩატარდეს კვირის ნებისმიერ დღეს. კენჭისყრის დღე უქმე დღეა".