თბილისის საკრებულოში ახალი უმრავლესობის ჩამოსაყალიბებლად კონსულტაციები იწყება

თბილისის საკრებულოში ახალი უმრავლესობის ჩამოსაყალიბებლად კონსულტაციები იწყება

თბილისის საკრებულოს ინტერფრაქციული ჯგუფი საკრებულოში ახალი უმრავლეობის ჩამოსაყალიბებლად კონსულტაციებს დაიწყებს. ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" თბილისის საკრებულოს ფრაქცია " ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" თავმჯდომარემ ზაზა გაბუნიამ განუცხადა. 

მისივე თქმით, ამ მიზნით საკრებულოს ინტერფრაქციული ჯგუფის წევრები დღეს შეიკრიბებიან. იმსჯელებენ სხვადასხვა საკითხებზე, მათ შორის ახალი უმრავლესობის პოლიტიკურ სახელზე და სხვადასხვა თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატურებზე შეთანხმდებიან.

"როგორი იქნება უმრავლესობა, ვინ იქნება წარდგენილი უმრავლესობის თავმჯდომარის კანდიდატურაზე, ასევე სხვა თანამდებობებთან დაკავშირებით, კონსულტაციების საგანია. რა ერქმევა ამ უმრავლესობას, იქნება ეს "ქართული ოცნების" უმრავლესობა თუ არა, ესეც კოალიუციურ ფორმატში მსჯელობის საგანია. როგორც მოგეხსენებათ თბილისის საკრებულოში "ნაციონალური მოძრაობის" ოპოზიციაში არა მხოლოდ "ქართული ოცნების" ფრაქციები იმყოფებიან. "ქართული ოცნების" სამი ფრაქციის გარდა, არის დამოუკიდებელი დეპუტატები და სხვა ოპოზიციური ფრაქციებიც. რეალურად ამ საკითხებზე მსჯელობას დღეს დავიწყებთ", - დასძინა ზაზა გაბუნიამ.